პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ თემაზე საუბრისას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ უმრავლესობას მიმართა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებას „ქართული ოცნების“ გარდა მხარს არავინ უჭერს და ვენეციის კომისიის დასკვნაც უარყოფითი იყო.
„ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც არ ჰყავს არსად არც ერთი მხარდამჭერი გარდა, ერთადერთი პარტიისა. ვინ გიჭერთ გარეთ მხარს? ვენეციის კომისიის დასკვნა ნახეთ რომ არის უარყოფითი. თქვენ ერთი სატელიტი პარტიაც კი ვერ მოძებნეთ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი გაქვთ. ვერ მოძებნეთ ვერც ერთი, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია მოსწონს. თქვენ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი ვერ მოძებნეთ რომელიც ელემენტარულად ნამუსზე აიღებდა ხელს და ამ დოკუმენტს გაამართლებდა. უფრო მეტიც, ერთი ექსპერტი ტელევიზიითაც კი ვერ გამოაჩინეთ, რომელიც იტყოდა, რომ ეს კონსტიტუცია კარგია. აქ ხატოვანი გამონათქვამები გაისმა და ძველი კონსტიტუცია ადამიანის სხეულებს შეადარეთ. ამ კონსტიტუციის თავი და ტანი არის ივანიშვილი, თქვენ ხართ ფეხები. აი ამაშია საქმე და თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ კონსტიტუციის შექმნაში. ეს არის კრიზისული დოკუმენტი და ქართველი ხალხი ამ დოკუმენტის მიღებას არ გაპატიებთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, რაც მათი მხრიდან დარბაზის დატოვებით გამოიხატა, ახალი კონსტიტუციის პროექტი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო.