„მინდა მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას, რომ რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლადგანხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი, რომელსაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა, ჩაინგრა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სამარცხვინოა , რომ ოპონენტები ამას საარჩევნოდ თავის გასაპიარებლად იყენებენ”, – აცხადებს კახა კალაძე, რომელიც დღეს ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ჩაინგრა არა ხიდი, არამედ ახლო მდებარე გზის მცირე მონაკვეთი, რაც წყლის მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.
„ჩვენ, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ. ახალ საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ საქართველოში პოლიტიკა და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დასრულდა ის დრო, როდესაც ტელევიზიები, მედია ერთ ადამიანს ედო ჯიბეში. ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ტყუილი თქვას. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა. მერობის კანდიდატებმა ნება იბოძონ და ამ პრობლემებზე ისაუბრონ და არა მოგონილ თემებზე. პრობლემა რეალურად იყო, თუმცა ხიდს არ უკავშირდებოდა, ეს იყო „GWP”-ის წყლის მილსადენი, რომელიც დაზიანდა, გამორეცხა ნიადაგი და ჩავარდა ასფალტი. ეს პროექტი უკვე დასრულდა, ამისთვის მადლობას ვუხდით „GWP”-ს. ასფალტის აღდგენითი სამუშაოები მალე დაიწყება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა ოგბაიძე, რომლის განცხადებით, ის პირადად ადევნებდა თვალს 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს.
„ამ წუთებში მიმდინარეობს გრუნტის დატკეპვნის სამუშაოები და 24 საათში, მაქსიმუმ, სამშაბათს დილით მოძრაობა აღდგენილი იქნება. აქ მთავარი ის კი არ არის, ავარია მოხდება თუ არა, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება რეაგირება. მერწმუნეთ, რომ ყოველთვის ასე იქნება. თუ სადმე პატარა გაჭირვება აქვს ჩვენს დედაქალაქს, არც ერთი ჩვენგანი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელი, დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობიდან დამთავრებული ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებენ”, – აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.