ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელს ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესის თქმით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება ზეიმია.
„გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ასეთი მორწმუნე. ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, როგორ შეიძლება მორწმუნე არ იყოს. დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა. ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი, მისი უდიდებულესობა ქეთევანი. ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევანის ლოცვით დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. ხვალ შუადღეს წმინდა ნაწილები გადაბრძანდება კახეთში, ალავერდის ტაძარში. ასე შემოივლის წმინდა ნაწილები მთელ საქართველოს და შეხედავს, როგორ გამოიყურება საქართველო მის გარეშე. ახლა ქეთევანი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება. დედოფალი ქეთევანი ჩვენთანაა, მაშასადამე ნურაფრისა ნუ გეშინიათ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
განსაკუთრებული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მადლობის ნიშნად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს ინდოეთიდან 6 თვით დაუბრუნდა.
გოაში მდებარე მონასტერი მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ. 2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ამტკიცებდა რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა.
მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო. ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.