საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მისაღებად რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა.
ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის აპარატის განცხადებაში.
“საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია მესამე მოსმენით განიხილოს და კენჭი უყაროს საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს. კანონპროექტის მესამე მოსმენა დაგეგმილია სამშაბათს, 26 სექტემბერს, 14:00 საათიდან, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე. აღნიშნული მიზნით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 14:00 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს”, – აღნიშნულია პარლამენტის აპარატის განცხადებაში.