პეკინის ქუჩაზე, ავტობუსებისთვის განკუთვნილ გზაზე, ავტომობილების გაჩერებისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა.
“მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს შეზღუდვებს და სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებს ნუ გამოიყენებენ მანქანების გასაჩერებლად, სხვა შემთხვევაში მათზე გავრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც დაჯარიმებას ითვალისწინებს და ამ ყველაფერს უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია”,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გადაწყდა, რომ 23 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს. მერიის ინფორმაციით, N6 და N87 ავტობუსები და ასევე, სამარშრუტო მიკროავტობუსები კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის გავლით, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით მათთვის გამოყოფილ სპეციალურ ზოლში გადაადგილდებიან. ხოლო პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: N6, 85, 47, 92, 150 და N42 ავტობუსები.
პეკინზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ გაჩერებებზე.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შარტავასა და კოსტავას ქუჩებზეც აღდგა. ჟვანიას მოედნიდან 26 მაისის მოედნამდე N14, 29 და N49 მარშრუტის ავტობუსები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში გადაადგილდებიან. ვახუშტის ხიდიდან და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩების გავლით პეკინის ქუჩისა და გმირთა მოედნისკენ იმოძრავებენ N51 და N91 ავტობუსებიც.
რეაბილიტირებული პეკინის ქუჩა 21 სექტემბერს გაიხსნა. პეკინის გამზირის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო და ამისათვის ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყო.