ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მოსამართლემ პროცესი მოიგო: ფადი ასლის 3 000 ლარის გადახდა მოუწევს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა, რითაც ეს საქმე პრეცედენტული გახდა.

საქმე შეეხება ბიზნესმენ ფადი ასლის, რომელსაც რამდენიმე თვის წი,ნ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძის კორუფციაში დადანაშაულება ედებოდა ბრალად. მოსამართლე კაკაბაძემ სარჩელი აღძრა.

სავაჭრო, სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება “ფილიპ მორისსა” და “თბილისის თამბაქოს”, ასევე “ომეგა ჯგუფსა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს” შორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა.

სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არა მხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

სასამართლომ დაადგინა, რომ სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას.

საბოლოოდ, მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედიასაშუალებებში, სადაც სადავო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

ფადი ასლმა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე კორუფციაში რამდენიმე თვის წინ დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლის წინააღმდეგ განხორციელებული ეს საქმე და გამოტანილი ვერდიქტი შეფასდა, როგორც უპრეცენდენტო შემთხვევა მოსამართლეების მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფებთან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ რეალობაში არსებობს კიდევ ერთი გახმაურებული და მასშტაბური შემთხვევა (იხილეთ აქ დაწვრილებით), როცა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეზე თავდასმის და შეურაცხყოფის ბრალდებით, მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო და უსასრულოდ გაიწელა, ანუ მართლმსაჯულება სათანადოდ არ განხორციელებულა. იმედს ვიტოვებთ, მოსამართლეებზე თავდასხმის ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნება, რათა არ შეიქმნას განაწყენებული ბრალდებულების მხრიდან მოსამართლეების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების პრეცენდენტები, რაც  საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმ ინსტიტუციის ჩამოშლას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია.

იტვირთბა....