ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით ბატონო გიორგი,
თქვენი საკმაოდ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იმედი მაქვს, დროს გამონახავთ და ამ წერილს წაიკითხავთ.
წერილის დაწერის მიზეზი კი ზოგადად ქვეყანაში, კერძოდ ქალაქ რუსთავში არსებული უმძიმესი წინასაარჩევნო ვითარებაა. ის რაც დღეს ხდება, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, 2012 წელს დავუპირისპირდით.
რუსთავის ამჟამინდელი საკრებულო საკმაოდ წარმატებული დეპუტატებისაგან შედგება. ამ ადამიანების ერთი ნაწილი სააკაშვილის რეჟიმის პირადი მსხვერპლიც იყო. ეს ადამიანები „ქართული ოცნების“ ღირსეულ სახეს წარმოადგენენ თავისი ერთგულებით, საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულებით, განათლებითა და ერუდიციით. მათ შორის არიან ქალბატონი ელზა ლეკვეიშვილი, ბატონი გოჩა შავაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. სამწუხაროდ, ამ პიროვნებების ვინაობას დღეს, ადგილობრივი არჩევნების ახალ სიაში აღარ ვხვდებით. სამაგიეროდ, ახალი სია კომპლექტდება ძირითადად უბიოგრაფიო, უწარსულო, უავტორიტეტო ადამიანებით.
ამ ყველაფერზე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს არა მარტო მე არამედ რუსთაველებსაც, კერძოდ: რატომ სახელდება სიის შედგენაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბატონი პაატა მხეიძისა და ბატონი გიორგი ბეგაძის გვარები, როგორ და რა კრიტერიუმით ხვდებიან საარჩევნო სიაში ის ადამიანები, რომლებსაც ქალაქი პრაქტიკულად არ იცნობს? რა კავშირი აქვს უშიშროებას აღნიშნული სიის დაკომპლეტებაში და რატომ ეძახიან ქალაქში ამ სიას „უშიშროების სიას“?
ამ კითხვებით მე საჯაროდ მივმართე ბატონ მხეიძეს და ბატონ ბეგაძეს და მათგან საჯარო, დამაჯერებელი პასუხი დღემდე ვერ მივიღე. პირად მიმოწერაში ბატონმა ბეგაძემ მხოლოდ აღნიშნა რომ, ვახდენ ციტირებას: „ვისაც რეკომენდაციას ვუწევ ცხოვრებაში არც ერთი არ არის უღირსი“.
ბატონო პრემიერო,
აქ საუბარი რომელიმე კონკრეტული პიროვნების სიაში მოხვდერასა და არმოხვედრაზე კი არ არის, არამედ იმ მოდელზე, რომელსაც ერთ დროს, ნაციონალური მოძრაობა წარმატებით ახორციელებდა.
ამ ყველაფერს ემატები ისიც, რომ რუსთავის მოსახლეობის ერთ ნაწილს, რომელიც საჯარო სამსახურშია, საკუთარი აზრის გამოთქმისა და პოზიციის დაფიქსირების ეშინია, რადგან სამსახურიდან გათავისუფლებით აშანტაჟებენ.
თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშინ საით მივდივართ და რა ევროპულ და დასავლურ ღირებულებებზე გვაქვს საუბარი და პრეტენზია?! ამ წერილის ასლი გამოქვეყნდება ჩემს სოციალურ გვერდზე და ასევე მიეწოდება მედიასაც.
დიდი მადლობა ყურადღებისათვის,
პატივისცემით,
რუსუდან წერეთელი,
ჟურნალისტი”

ჟურნალისტი რუსუდან წერეთელი რადიო “თბილისზე” გადაცემის “ამერიკის დროით” ავტორი და წამყვანია.

იტვირთბა....