„თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, წელს მასშტაბური ღონისძიებები გაიმართება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, წლევანდელი დღესასწაულის მთავარი ლოკაციები “ახალი ტფილისი”, რიყე და ლეღვთახევი იქნება.
„მოგეხსენებათ, თბილისობა წელს 7-8 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში შექმნილია დედაქალაქის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც ღონისძიების სრულყოფილად და შეუფერხებლად ჩატარებას უზრუნველყოფს.
დღესასწაული წელსაც მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება და იგი მთელ ქალაქს მოიცავს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
“თბილისობა 2017”-ის ფარგლებში, მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო/გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები და სხვ. ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულზე ყველა თაობის წარმომადგენელი მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს.