„ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული”- ასე შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, სჯობს ამაზე იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, რომელსაც ეს ხელეწიფებათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, უკრაინა-პოლონეთის საზღვართან, შეგინის სასაზღვრო პუნქტთან, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეიჭრნენ და სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. მას თან ახლდა მისი ოჯახის წევრებიც.
ერთი თვის წინ, სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.