საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში ქართველი სამხედროს დაშავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან 5 კილომეტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა.
“დაშავებულ მშვიდობისმყოფელს მსუბუქი ბაროტრავმა აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისათვის ქართველი სამხედრო მოსამსახურე ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი, სადაც მას საჭირო კვლევები უტარდება. კაპრალს სამედიცინო დაწესებულებიდან სავარაუდოდ ხვალ გაწერენ”,-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად ერთი ქართველი სამხედროს დაშავების შესახებ ინფორმაცია სააგენტო reuters-მა გაავრცელა.