“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ცნობით, ერთწლიანი განხილვის შედეგად, 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირები სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა.
“ერთწლიანი განხილვის შედეგად, 17 მაისის საქმეში ბრალდებული პირების: ბექა სალუქვაძის, ტიტალ დავრიშიანის, ირაკლი ბასილაიას (მცხეთის წმ. იოანეს სახელობის დედათა მონასტრის იღუმენი იოანე) და გიორგი ბასიაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ არ დაამაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის საჩივარი და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ 4 პირს ბრალად ედებოდათ 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის ჩატარებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობით ან ძალადობის მუქარით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2015 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის საქალაქოს სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, ბრალდებული პირები უდანაშაულოდ სცნო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება, პროკურატურის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში.
მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა დაახლოებით ერთი წლის წინ, 2016 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და დღეს, მოსამართლე გერონტი კახეთელიძეს მიერ ბრალდებულთა გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებით დაასრულა”, – წერია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” განცხადებაში.