არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძემ გლდანის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

გლდანის რაიონში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ოთხი კანდიდატი – ოთარ გრიგოლია, შალვა ოგბაიძე, გულია გოცირიძე, ქეთევან ჯოხაძე იბრძოლებს.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, დასახელებული კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებიც მათი ამომრჩევლის პრობლემებს მაქსიმალური მონდომებითა და გულისხმიერებით მოაგვარებენ.

„კომპეტენტურ, ენერგიულ და პროგრესულ გუნდთან ერთად მოვდივარ. თბილისი განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე უნდა გადავიყვანოთ. კარგად გააზრებული, კომპლექსური გადაწყვეტილებები და მათი ეფექტური აღსრულება არის საჭირო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბავშვობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი კარიერული წინსვლა სწორედ გლდანის რაიონიდან დაიწყო.

„ჩემი წარმატება ზუსტად ამ რაიონიდან და კონკრეტულად, ამ ადგილიდან – გლდანის მესამე მიკრორაიონიდან დაიწყო. სულ რაღაც 13 წლის ვიყავი, როდესაც სამტრედიიდან ჩამოვედი. არ მქონდა სახლი და ვცხოვრობდი აქ, გლდანში, მესამემიკრო რაიონში, მეოთხე კორპუსში, მამიდასთან. მინდა ამ რაიონს დღეს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, გლდანში და ზოგადად, თბილისში არსებული პრობლემების მოგვარება ადვილი არ იქნება.

„ჩვენს ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, თუ დროულად არ მოვაგვარეთ ეკოლოგიის პრობლემა, თუ არ მოგვარდა თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა, თუ არ მოხდა მეტროსადგურების განახლება. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს, ბევრს სჭირდება სოციალური დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას და ამ მიმართულებით ადამიანების დახმარებას“, – განაცხადა, თბილისის მერობის კანდიდატმა და აღნიშნა, რომ პრობლემურ საკითხებს მერია, საკრებულო და ცენტრალური ხელისუფლება ერთად მოაგვარებენ.

კახა კალაძის თქმით, საგზაო და საკომუნიკაციო პრობლემების გარდა, გადაიჭრება იმ სტადიონების პრობლემაც, რომელიც კერძო საკუთრებაშია და მათ ადგილას მშენებლობა იგეგმება.

მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ სკვერებსა და მოედნებზე საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება. მან ასევე, გლდანის რაიონში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„მუხიანში მდებარეობს ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ვაპირებთ, რომ ამ ტერიტორიაზე ახალი რადიოქალაქი ავაშენოთ, რომელიც იქნება გლდანში, მუხიანში, ავჭალაში, ზაჰესში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების ადგილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, კომფორტულ, სასიამოვნო გარემოში დაისვენოს. ამ ადგილას ავაშენებთ გამაჯანსაღებელ ცენტრს, ახალგაზრდებისთვის დასასვენებელ ადგილს, კაფე-ბარებს იმისთვის, რომ არა მარტო ამ რაიონში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელი თბილისის მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაისვენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ თბილისის დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობაც მოხდება.

მხარდამჭერებს სიტყვით მაჟორიტარობის კანდიდატებმაც მიმართეს. ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საკუთარი თანამოქალაქეების პრობლემებსა და კეთილდღეობაზე მუშაობა მისთვის უდიდესი გამოწვევაა.

„ჩვენ გვაერთიანებს ქალაქის სიყვარული და ერთიანი საზრუნავი, რომელიც ამ ქალაქს აქვს. ამიტომ, წინ ვერაფერი დაგვიდგება“, – განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

გრიგოლიას თქმით, იმ გუნდთან ერთად, რომელსაც დღეს თავადაც წარმოადგენს, ყველა რესურს გამოიყენებს იმისთვის, რომ თბილისი და გლდანის რაიონი უკეთესი გახდეს.

ამომრჩევლებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს სიტყვით ასევე, შალვა ოგბაიძემ მიმართა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, სწორედ ახალგაზრდებმა, მომავალმა თაობამ უნდა აავსოს ქალაქი სიცოცხლით.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ყურადღება რაიონში უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რაიონის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარებას საკუთარ გუნდთან ერთად შეძლებს.

იტვირთბა....