2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს:
„ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა, 55%-ით გაიზარდა ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის კოორდინირებული საქმიანობისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების შედეგია“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 51% (5098091), რუსეთი – 94% (28493063), უკრაინა – 42%(4334970), პოლონეთი – 19% (1622872), ლატვია – 25% (963266), ბელარუსი – 35% (904070), აშშ – 67% (286496), გერმანია – 39% (256672), ისრაელი – 232% (139994), საფრანგეთი – 378% (95530), აზერბაიჯანი – 170% (102 342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.
ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს ღვინო „ქინძმარაული“ – 7 752 470 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 478 937, „წინანდალი“ – 1 959 406, „ახაშენი“ – 861 185, „ხვანჭკარა“ – 451 034, „ტვიში“ – 172 358, „ნაფარეული“ – 121 986 და ა.შ.
ამასთან, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 758 746 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 103%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 21,85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 98%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 132 746 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 153% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 367 757 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 165,34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52% შეადგინა.