“ციანიდის საქმის” დასრულებით და განაჩენის გამოტანით, საპატრიარქოში არსებული პრობლემები არ მოგვარდება – ასეთ განცხადებას აკეთებს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი “პირველ რადიოსთან”. მისი თქმით, საპატრიარქოს შიგნით უამრავი ბრძოლა მიმდინარეობს. მთავარი პრობლემა კი მისი შეფასებით არის ის, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთის საქმეებში ერევა:
“შორიდან მეჩვენება, რომ შეიძლება რაღაც ეჭვი აქვს პროკურატურას, მაგრამ დამტკიცებით ვერაფერი ვერ დაამტკიცეს და როგორც ყოველთვის სასამართლო მოიქცა ისე, როგორც იქცევა ხოლმე… საპატრიარქოში რაც არის შიდა პრობლემები, ის პრობლემები რჩება. საპატრიარქოში ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და ეს ბრძოლა გაგრძელდება. ასევე მიმდინარეობს ხელისუფლების ბრძოლა საპატრიარქოს და ეკლესიის დამონებისთვის, მიმდინარეობს საპატრიარქოს ბრძოლა პოლიტიკაში ჩარევისთვის. ეს დიდი და სერიოზული პროცესებია. ამას როგორ დაამთავრებს ერთი საცოდავი მღვდლის პროცესი?!” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი “პირველ რადიოსთან”.
შეგახსენებთ, გუშინ ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.