ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო და უკრაინა სააკაშვილის თამაშში ბრიყვულად ჩართული აღმოჩნდნენ”

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნა უკრაინის მხარისადმი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე, ჩვენ ხელისუფლებას საკმაოდ არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებს. მისი აზრით, სააკაშვილი ვაბანკზე არ წავა და ის უკრაინის ტერიტორიაზე ფეხსაც არ შეადგამს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილი ყველაფრის მიუხედავად სერიოზული პოლიტიკოსია, შესაბამისად, როგორც საქართველო, ასევე უკრაინა, მის თამაშში აღმოჩნდა.

ანალიტიკოსის აზრით, უკრაინამ საქართველოს სააკაშვილის შესაშინებლად თხოვა, რომ ოფიციალურად მისი ექსტრადირების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიემართათ.

„სააკაშვილი საქართველოს და უკრაინისგან განსხვავებით, ვაბანკზე არ მიდის. ვინც მას კარგად იცნობს, ყველამ იცის, ის სერიოზული პოლიტიკოსია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ორი ქვეყანა, მის თამაშში ბრიყვულად ჩართული აღმოჩნდა. ვხედავ, რომ უკრაინასაც და საქართველოსაც თავისი გეგმის მიხედვით ათამაშებს. ამით კი ორივე ძალიან სულელურ მდგომარეობაში არიან აღმოჩენილები. უკრაინა ხომ საერთოდ გაგიჟებულია და არაადეკვატურად იქცევა?! საზღვარზე რაღაც ბარიერებს აკეთებს…

15-ჯერ რომ მიმართეს ექსტრადირებისთვის და უარი მიიღეს, ახლა რა გადამეორებით არის?! უკრაინიდან ეუბნებიან კიდევ სცადეთ, იქნებ გაგიმართლოთო? ანუ ძალიან სასაცილოა. თითქოს კოორდინირებულად მოქმედებენო და ეს კოორდინირება პოლიტიკური შედეგის თვალსაზრისით, აბსოლუტური იდიოტობაა.

სააკაშვილი ამ ყველაფრით კარგად ერთობა. მისი მარგინალიზაციის ნაცვლად, ორივე ქვეყნის ხელისუფლება, სააკაშვილის პიარკამპანიით არის დაკავებული. ეს არის თამაში, რომლიც არ იციან. ვფიქრობ, უკრაინამ საქართველოს თავად მიმართა, რომ სააკაშვილს შეეშინდეს და ჩასვლა გადაიფიქროს“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოსგან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე სერგეი პეტუხოვმა დაადასტურა.

“უკრაინამ მოთხოვნა მიიღო მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე, დაკავებასა და ექსტრადირებაზე. საქართველოს მთავარი პროკურატურის მოთხოვნა გამოგზავნილია უკრაინის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურისთვის”, – განაცხადა მან.

იტვირთბა....