ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, ხოლო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი მილევად რეჟიმში გადავა”- გივი მიქანაძე

“დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება”, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში გადავა.

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივიღეთ მილევად რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ერთხმად უჭერენ მხარს რეფორმის განხორციელებას და პროცესებში ჩართვისთვის მზად არიან.

,,აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები და მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლობა ერთხმად აღიარებს და მხარს უჭერს იმ რეფორმის კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ისინი პროცესებში ჩართულობისა და მონაწილეობის სრულ მზაობას გამოთქვამენ.

კომუნიკაცია რექტორებთან არაერთხელ შედგა – იყო კონსულტაციები ამ გადაწყვეტილებისა და არსებული არგუმენტების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ჯამში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და, ვფიქრობ, ამ შეხვედრებმა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.

ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.

იტვირთბა....