ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით დღეს 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები გაასაჯაროვა:

”სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა. სახალხო დამცველი ადასტურებს საკუთარ პატივისცემას სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთავარი ინსტიტუციის მიმართ. ამასთან, კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს საზოგადოებას გააცნოს აღნიშნულ საქმეზე 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები. მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციის და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინეს თავი. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდე უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას წაართვა სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა. მონიტორინგის შედეგად, დადასტურდა, რომ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ე.წ. ციანიდის საქმის მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დაელოდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას. თუმცა, პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია თუ ვისი პერსონალური მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ამასთან, გაუგებარია თუ რატომ წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების დაცვა კონკრეტულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე. აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ვიდეოჩანაწერის მოპოვება არ უზრუნველყო არც ბრალდების მხარემ. პროკურატურამ უზრუნველყო მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებების ვიდეოკამერაზე დაფიქსირება მაშინ, როდესაც მთავარი მოქმედებების კანონიერების საკითხი ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. შედეგად, შეუძლებელი გახდა ობიექტური მტკიცებულების მოპოვება საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა იმის გამო, რომ აეროპორტში მყოფ პირთა შორის რამდენიმე შეუსაბამობა დაფიქსირდა”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

იტვირთბა....