“მოლოდინი? – სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა”, – ასეთი კომენტარი გააკეთა ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარმა, დედა თამარმა. მისი თქმით, დღევანდელ პროცესს აუცილებლად უნდა დასწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი.
„სასულიერო პირი, რომელიც თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა. უბრალოდ, რაღაც ძალიან პატარა იმედი მქონდა, გუშინდელი დღის მერე, რომ მოსამართლე დაფიქრდებოდა ამ ყველაფერზე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ მოძღვარმა არ მოუნახულოს თავისი სულიერი შვილი. მეუფე დიმიტრი აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო, ახლა და მანამდეც უნდა მოენახულებინა“, – განაცხადა დედა თამარმა, რომელიც განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ესწრებოდა.
შეგახსენებთ, საუკუნის სასამართლო პროცესზე, ე.წ. ციანიდის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა – მოსამართლემ ბრალდებულ დეკანოზს 9 წლიანი პატიმრობა 108-ე მუხლით მიუსაჯა.
ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლო პროცესს არ დაესწრო. მიზეზი უცნობია.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბრალდებულის ძმამ მოსამართლეს მონა უწოდა და დარბაზი დატოვა.
გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.