თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ცესკოში თანაგუნდელებთან ერთად 19 576 ხელმოწერა წარადგინა. ელისაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ამდენი ხელმოწერის მოგროვება ამ დროში წარმოუდგენელი იყო და ერთი თვე მაინც არის ამისთვის საჭირო.
“ჩვენთან მყარად არის დამკვიდრებული აზრი, რომ ათასობით ხელმოწერის შეგროვება სტანდარტულ ერთთვიან ვადაშიც კი ითვლება, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელია. დიდი პარტიებიც კი ყოველთვის წინასაარჩევნოდ ერთსა და იმავეს აკეთებენ. ოროსანი ბავშვებივით იწერენ ერთმანეთისგან სიებს, ხელმოწერებს აყალბებენ და ასე წარადგენენ ხოლმე ცესკოში და არეგისტრირებენ, რაც ჩვენი მავნე პოლიტიკური ტრადიციაა.
ამას ღიად მიეჩვივნენ ჩვენი პოლიტიკური პარტიები. პირდაპირ მომიწოდებდნენ, რომ გამეყალბებინა სიები, ანუ ის გამეკეთებინა, რასაც სხვა პოლიტიკური პარტიები აკეთებენ ხოლმე, მაგრამ მე პოლიტიკაში ტყუილისთვის არ ვარ მოსული. მე პოლიტიკაში მოვედი იმისთვის, რომ სიბინძურე გაიწმინდოს და მყისიერ, პროფესიონალ ადამიანებს მიეცეთ ასპარეზი პოლიტიკაში”, – განუცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა ჟურნალისტებს.
ცესკომ სამი დღის ვადაში უნდა უპასუხოს თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ჩაეთვლება თუ არა აღნიშნული ხელმოწერები საკმარის რაოდენობად.