საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 6 სექტემბერს, სტრასბურგში არ გაემგზავრება, -ამის შესახებ ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის საგანგებო განცხადებაშია:
„იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციამ საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში დიალოგის პროცესი, ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ. აღნიშნული შედეგი მით უფრო სამწუხაროა, რომ “ვენეციის კომისიამ” გამოავლინა განსაკუთრებული გულისხმიერება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ და ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კონსენსუსის მისაღწევად სტრასბურგში საგანგებო კონსულტაციების მასპინძლობა და მოდერირება შესთავაზა. საპარლამენტო უმრავლესობა მადლობას უხდის “ვენეციის კომისიას” საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია უმრავლესობის განცხადებაში.
მმართველი გუნდის ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს, რედაქციული შესწორებებით, საპარლამენტო უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებს.