არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„ოცნება“ მეხვეწებოდა, დავით საგანელიძემ მაჟორიტარობაც კი შემომთავაზა“

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ თბილისის მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილთან

„მეტრონომი“ წინასაარჩევნო პერიოდში, ეცდება მაქსიმალურად თანაბრად წარმოაჩინოს დედაქალაქის მერობის კანდიდატები და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თითოელ მათგანზე, მათ გეგმებზე და დაპირებებზე. ამჯერად, ჩვენი სტუმარია მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. „მეტრონომთან“ იგი წინასაარჩევნო დაპირებებზე და იმ ძირითადი პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს, რომელსაც მერად გახდომის შემთხვევაში აპირებს.

ელისაშვილი კომპანია „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების გაუქმების  გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი თბილისელებისთვის თავიდან მოშორება პირველი იქნება, რასაც ის გამარჯვების შემთხვევაში გააკეთებს.

მერობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ მმართველმა გუნდმა სხვადასხვა სახის პროვოკაციები მოაწყოს, თუმცა ამისთვის ის ყოველთვის მზადაა.

ელისაშვილის აზრით, მისი მთავარი კოზირი უპარტიობაა, რაც თბილისელების მთავარი დაკვეთა იყო. ამიტომ ის არცერთ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას არ აპირებს.

„მეტრონომი“: რა არის ქალაქის 3 მთავარი პრობლემა, რომელსაც თქვენი მერობის შემთხვევაში პირველ რიგში მოაგვარებთ?

ალეკო ელისაშვილი: ამ ქალაქის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მას პატრონი არ ჰყავს. ყველაფერი თავის ნებაზე არის მიშვებული და ხელისუფლება მხოლოდ ფულის კეთებაზეა გადასული. მთავარი, რაც ამ ქალაქში უნდა შეიცვალოს, უპატრონობაა და ეს უნდა დასრულდეს, ქალაქის მერია ხალხის სამსახურში უნდა ჩადგეს და არა საკუთარი ჯიბის.

არსებობს ქვეპრობლემები, რომელიც სასწრაფოდ გადასაჭრელია. თბილისში სიმსივნური დაავადებების ეპიდემიაა. პირადად ჩემს თანაშემწეს და ოჯახის წევრებს აღმოჩნდათ ეს დაავადება. ეს არის ქალაქში არსებული დაბინძურებული ჰაერის ბრალი. ვფიქრობ, თბილისის პირველი პრობლემა ეს არის.

ქალაქში არის სამშენებლო მტვერი, პირდაპირ მშრალი წესით ქუჩაში ქვას  ჭრიან. თავისუფლების მოედანთან გაიარეთ, ირგვლივ ისეთი მტვერისგან შექმნილი ნისლია, რომ ადამიანი ჯანმრთელი დარჩეს, შეუძლებელია. ეს მშენებლობები ივანიშვილისაა. ხომ შეუძლია სამშენებლო სტანდარტები მაინც დაიცვას?! მორწყან  მშენებლობა და ხალხი მტვრით არ გაგუდონ, მაგრამ თავისი ხომ გაინაღდა, ახლა ხალხი ფეხებზე ჰკიდია.

ნარმანიას კი იმის შნო არა აქვს, რამე გაუბედოს და დააჯარიმოს. რეგულაციები კანონით არსებობს, მაგრამ მას არავინ ასრულებს. ქუჩები რომ ირწყვებოდეს ამდენი პრობლემა არ იქნებოდა. პირველ რიგში გამონაბოლქვისგან და მტვრისგან გაჯერებული ჰაერის გაწმენდა უნდა მოხდეს. ზედამხედველობის სამსახური, რომელსაც ამ პრობლემების მოგვარება ევალება, ფულის კეთებაზეა გადასული.

– ჰაერის პრობლემას, რა თქმა უნდა, რომ მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი განაპირობებს. ამ კუთხი რას გეგმავთ?  როგორ და რა სახსრებით აპირებთ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას. ვნახეთ, რომ რამდენიმე ავტობუსი ნარმანიას ფაქტობრივად, აჩუქეს…

– მოუწესრიგებელი და მოძველებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქის მეორე მთავარ პრობლემას წარმოადგენს. გინახავთ, სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს როგორიგამონაბოლქვი აქვთ?ტრამვაი არის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ტრანსპორტი.

შეიძლება, პირველ რიგში, თბილისის იმ უბნების დაკავშირება ამ ტრანსპორტით, რომლებიც მეტროპოლიტენებს მოწყვეტილები არიან. მაგალითად: დიდი დიღომი, ორთაჭალა, ვაკე. იქ რომ გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს, ძალიან ბევრი მანქანით სიარულზე უარს იტყოდა. ამხელა ინფრასტრუქტურა გვაქვს და მეტრო, ტრანსპორტის გამოყენების თვალსაზრისით, მესამე ადგილზეა, რაც აბსურდი და წარმოუდგენელია.

მილიარდი ლარია ბიუჯეტში, მაგრამ მისი მიზანმიმართული გამოყენებაა საჭირო. 270 მილიონი ლარია კეთილმოწობის სამსახურის ბალანსზე, რომელიც ასფალტის დაგებაში იხარჯება და ისიც, მეორე დღეს, უკვე გასაკეთებელია. გაუგებარია, როდესაც იცი, რომ ქალაქს 700 ავტობუსი სჭირდება და 143-ს ყიდულობ, ამის ფულიც „იბიარდმა“ მოგვცა. მართალია სესხის სახით, მაგრამ იმდენად დაბალ პროცენტში, რომ ბარემ უფრო მეტი გვეყიდა.

მეორე – მთავარ პრობლემას ასევე ქაოტური მშენებლობები წარმოადგენს. ჩემ კონკურენტს, კახი კალაძეს, ხომ აქვს სელფი და ვიდეო გადაღებული, სადაც საუბრობს, რომ  ეკოლოგიაზე უნდა იზრუნოს.

იმ ვიდეოს გადაღებიდან მეორე დღეს ბაგებში ხეები მოჭრეს. ერთიკვირის თავზე, ასევე ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე, სკვერში მიწა ამოჭრეს და სასტუმროს აშენებენ. წერეთლის 63-ში სტადიონზე, წარმოუდგენელი მშენებლობა მიდის, მაღალ სართულიან სასტუმროს აშენებენ.

ეს მშენებლობები უნდა გაჩერდეს. დეველოპერული აქტივობა იქ უნდა წარიმართოს, სადაც საჭირო და აუცილებელია. ავლაბარში ხალხს სახლები თავზე ენგრევა. მშენებლობა უნდა წახალისდეს, მაგრამ არა ასე ველურად. არცერთ მშენებლობას წინასწარი გეოლოგიური კვლევა არა აქვს. ასათიანის ქუჩაზე მოსახლეობამ არაერთი სასამართლო პროცესი მოიგო.

აშენებულებამდე, მე ვფიქრობ, რომ ჯერ ეს პროცესი უნდა გაჩერდეს. საკრებულოში, როდესაც მოვედი, ზუსტად ამას ვამბობდი, უბრალოდ, ღონე არ მეყო, რადგანაც 50 დეპუტატიდან ერთ-ერთი ვიყავი. ჯერ პროცესი უნდა გაჩერდეს და შემდეგ აშენებულებს მივხედოთ. აქ ავარიული ფონდის მოწესრიგების საკითხიც იგულისმება.

თქვენი ამომრჩველი ალბათ დაინტერესდება,თუ მერი გახდებით, როგორ აპირებთ საკრებულოში პარტიებთან თანამშრომლობას და უპარტიობა, უმრავლესობის არქონა, ხომ არ შეგიშლით ხელს ამ დაპირებების შესრულებაში?

– არა აქვს მნიშვნელობა უმრავლესობა მეყოლება თუ არა. ძალიან კარგად ვიცი საკრებულოსთან როგორ უნდა ვითანამშრომლო. მე თუ მილიონნახევრიანი ქალაქის მოსახლეობა მხარს დამიჭერს, საკრებულოსთან მუშაობის არანაირი პრობლემა არ მექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც ერთმანეთს თვალისდასანახად ვერ იტანენ, არ ყოფილა ქალაქისთვის საჭირო საკითხი განსახილველად გამოტანილი, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ და კანონი ერთხმად არ გასულიყო.

საკრებულოში „ოცნებას“ სულ კორუფციული სქემები გამოჰქონდა და ამაზე იყო პრობლემა. არ ვაპირებ მსგავსი საკითხების საკრებულოში შეტანას. შესაბამისად, თუ შენი ქვეყნის მტერი არ ხარ, შენი ქალაქის განვითარება რატომ არ უნდა გინდოდეს?!ეს საკითხები თუ ჩააგდო საკრებულომ და მაიმუნობა დაიწყო, კუდით ქვას ვასროლინებ.  ჩემს უკან მილიონნახევარი კაცი იქნება და ამ მავნებლებს ქუჩაში გამოვაძევებ.

– NDI-ის და „მეტრონომის“ გამოკითხვის მიხედვით, მერობის კანდიდატებს შორის მეორე ადგილს იკავებთ. თქვენ რამდენიმე ათეული ხმით მმართველი გუნდის კანდიდატი კახი კალაძე გისწრებთ. როგორ აფასებთ თქვენს შანსებს და ემზადებით თუ არა მეორე ტურისთვის. „მეტრონომთან“ საუბარში პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ თუ თქვენ კალაძესთან ერთად მეორე ტურში გახვედით, მოგების შანსი გაქვთ…

– ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მაქსიმალურად ვაპირებ, რომ ხალხთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლო. დანარჩენი ისევ პოლიტოლოგებისთვის მიმინდვია. ვფიქრობ, დიდი ალბათობით, მეორე ტური იქნება და ერთი ნაბიჯითაც უკან არ დავიხევ.

– თუ მერი გახდით, მმართველი გუნდისგან რა სახის პოლიტიკური პრობლემების შექმნას ელით?

– ქალაქის მერს იმხელა უფლებამოსილება ექნება, რომ არავის ვურჩევ მსგავსი პრობლემების შექმნას. მაჩანჩალა „ქართულ ოცნებას“ არ მგონია, რომ მაგის თავი ჰქონდეს. მათ, რომ ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვა სერიოზული პარტია ედგას, „ოცნება“დასრულებული იქნებოდა.

ვნახეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარებში თითქმის ყველგან მეორე ტურები იყო. უბრალოდ მხოლოდ იმიტომ მოიგეს, რომ მათი კონკურენტები „ნაციონალები“ იყვნენ. „ქართული ოცნება“ მოფამფალებული და ჩამოშლილია.

მას შემდეგ უფრო მეტად გაუჭირდათ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ისინი მიატოვა და ხეებში გაცვალა. შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ხოცავენ. ეს არის ჩვეულებრივი „მოქალაქეთა კავშირი“. არ ვურჩევ „ოცნებას“, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ხელი რამით შემიშალოს.

– „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მინდა გკითხოთ. თქვენ თქვით, რომ „ნაციონალებმა“ ვითომ ხელმოწერების შეგროვების დახმარების მიზნით, თქვენი რეპუტაციის შელახვა სცადეს. კვლავ ელით თუ არა მსგავს პოლიტიკურ თამაშებს თქვენს წინააღმდეგ?

– არც აქამდე და არც ახლა არანაირი პარტიის დახმარება არ მჭირდება. დღეს თბილისელების დაკვეთაა, რომ მათ უპარტიო და პოლიტიკური ცოდვებით დაუმძიმებელი კანდიდატი ჰყავდეთ. დაიღალა ხალხი, ამიტომ არავინ არ მჭირდება.

თავის დროზე „ქართული ოცნებაც“ მეხვეწებოდა და 2012 წელს დავით საგანელიძემ ჩუღურეთის მაჟორიტარობაც კი შემომთავაზა. თუ ფიქრობენ, რომ ჩემს ხარჯზე რაიმე პოლიტიკურ ქულებს ჩაიწერენ, ძალიან ცდებიან. რა თქმა უნდა,  მსგავს თამაშებს ველი, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ. ამ ხალხს ყველას კარგად ვიცნობ და მათ ხრიკებსაც ადვილად ამოვიცნობ.

– „სითი პარკთან“ დაკავშირებით თითქმის ყველა თქვენი კონკურენტი თბილისელებს ამ კომპანიისგან გათავისუფლებას ჰპირდება. როგორ აპირებთ 2020 წლამდე დადებული ხელშეკრულების გაუქმებას, საიდან მოიტანთ 25 მილიონს, რომელსაც კომპანია კომპენსაციის სახით ითხოვს? 

-25 მილიონი ეს არის მაქსიმალური თანხა, ესეც იმიტომ, რომ ნარმანიაა მერი და მაგის დაგოიმებას რა უნდა. „სითი პარკის“ გაშვება გაცილებით უფრო იაფად შეგვიძლია. კანონში ზუსტად არის გაწერილი, რომ კომპანიას ბოლო სამი თვის განმავლობაში მოსახლეობისგან რა მოგებაც ექნება აღებული, ის უნდა გავამრავლოთ 12 თვეზე და შემდეგ კონტრაქტით გაწერილ დარჩენილ თვეებზე, ჯამში კი  რა თანხასაც მივიღებთ, მერიამ ბიუჯეტიდან კომპესაციის სახით „სითი პარკს“ უნდა გადაუხადოს.

ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობას მოვუწოდოთ და კომპანიისთვის გადახდები ისე დავაგდოთ, რომ  მომდევნო 3 თვის განმავლობაში შემოსული თანხა, მაგალითად ასი ლარი იყოს, მას გაამრავლებ იმ დარჩენილ თვეებზე და პირობითად, ჯამში ხუთას ლარს მივიღებთ – ეს ხუთასი ლარი კი, როგორც წინ ვახსენე, ასეთი დაანგარიშებით ჯამში, მათთვის კომპესაციის სახით გადასახდელ ძალიან ნაკლებ თანხას მოგვცემს. აი ასე შეიძლება მათი თავიდან მოშორება. რომ გავიმარჯვებ პირველს რასაც ვიზამ, „სითი პარკს“ ჩემოდანს ჩავალაგებინებ და ქალაქს საერთოდ მოვაშორებ.

– თუ თქვენ ვერ გაიმარჯვებთ და გავიდა კახი კალაძე, ჩათვლით, რომ ხმები გაყალბდა… დამარცხებას აღიარებთ?

– ჯერ გამარჯვებისთვის ვემზადები, თუმცა ფაქტია, რომ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ბინძურად დაიწყეს. რაღაც ვიდეობს დგამენ, ცესკოში ჩემი კანდიდატურის ჩაგდება სურდათ, მაგრამ როგორც ხედავთ, ამ მახეებიდან თავს ვაღწევ. მე არ მიცხოვრია ისე, რომ შემრცხვეს, ჩემს წინააღმდეგ რა კომპრომატებიც უნდათ, ეძებონ, რაც არ არის რას იპოვნიან. გულზე ხელებდაკრეფილი არც მე ვზივარ და როგორც გაყალბება შეიძლება, ისევე მისი აღკვეთაც შესაძლებელია. მთავარია, ხალხს ჩემი სჯეროდეს და არაფრის მეშინია.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

“მეტრონომის” გამოკითხვა: ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად – მიეცით ხმა აქ

იტვირთბა....