თავდაცვის მინისტრობის დროს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, დავით კეზერაშვილი სრულად გამართლდა, – ამის შესახებ კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა განაცხადა. მის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
ადვოკატი ამბობს, რომ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე ნინუას მიმართ, რომელიც ამ საქმეზე დავით კეზერაშვილთან ერთად იყო ბრალდებული. ნინუას ორი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიით სასჯელი შეუმცირდა, აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის ვადა ჩაეთვალა და დამატებითი თავისუფლების აღკვეთა აღარ მოუწევს.
კეზერაშვილს და ნინუას 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვის ბრალი 3 წლის წინ წარუდგინეს. ბრალდების მტკიცებით, 5 მილიონამდე თანხა წვრთნების ჩატარების მიზნით გამოიყო, თუმცა წვრთნები არ ჩატარებულა.