ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხანძარი აბასთუმანში: უკრაინამ დასახმარებლად 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებული იყო 400-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი აბასთუმანში იმყოფება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აბასთუმნის ტყეში ღამის განმავლობში 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს. მისი თმქით, ადგილზე ამ დროისთვის 1000-მდე ადამიანის შემადგენლობით ცოცხალი ძალა მუშაობს, თუმცა დამატებით ბრიგადებს ელოდებიან.

„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ცეცხლის ქრობის პროცესი. ცოცხალი ძალა რჩებოდა ადგილზე. დღეს დილიდან უკვე დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის – გაიჭრა დაახლოებით 4-დან 5 კილომეტრამდე ახალი გზა ტყეში იმისთვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და ხანძრის კერების ადგილამდე მივიდეს. ასევე მოწყობილი იქნა ხელოვნურად ავზები იმისთვის, რომ ავიაციამ მოახერხოს და აიღოს წყალი. ცოცხალი ძალა, როგორც გითხარით, მობილიზებულია. 1000 კაცამდე უკვე ტყეშია. ჩვენ ველოდებით დამატებით ვერტმფრენებს და ავიაციის ჩართვას – ერთი ვერტმფრენი უკვე მუშაობს“, – განაცხადა შს მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება. როგორც ცნობილია, უკრაინამ საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე ინფორმაციაც გამოქვეყნდა:

„თვითმფრინავი ქართულ მხარეს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება. ოთხშაბათს დილით თვითმფრინავი АН-32П ოდესიდან ბათუმში გაფრინდება“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე მალევე მოხდა ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

იტვირთბა....