აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ელისაშვილის კანდიდატურა მმართველ პარტიაში დაბნეულობას იწვევს“

ანალიტიკოსები და ექსპერტები “მეტრონომთან”: როგორია დედაქალაქის მერობის კანდიდატთა ძირითადი მესიჯები და რა სჭირდება მოსახლეობას

2017 წლის შემოდგომაზე თბილისი ახალ მერს აირჩევს. პოლიტიკურმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფმა, დედაქალაქში, მერობის კანდიდატები უკვე წარადგინეს. ესენი არიან: კახა კალაძე „ქართული ოცნება“, ზაალ უდუმაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველო“, დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, “შენების მოძრაობა” თენგო შერგელაშვილი. „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი კახა კუკავა დაასახელეს. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობისა კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება.

ვინ არიან თბილისის მერობის კანდიდატები და რას ჰპირდებიან ამომრჩეველს? „მეტრონომთან“ პოლიტოლოგები და სოციოლოგები თბილისის მერობის კანდიდატებზე სუბრობენ. ისინი აფასებენ იმ მთავარ მესიჯებს და ზოგადად პერსპექტივებს, რომელიც კანდიდატებს აქვთ.

კანდიდატების მხრიდან, წინასაარჩევნო დაპირებებში, თბილისის სივრცით მოწყობასა და ეკოლოგიის პრობლემების წინა პლანზე წამოწევას, ექსპერტები ამომრჩევლის დაკვეთით ხსნიან.

მათი დასკვნებით, თბილისელებისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ქალაქის მოწყობა, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და ეკოლოგია, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პრობლემები, კერძოდ პენსიის მომატება, შემოსავლების ზრდა და დასაქმება კვლავ აქტუალურია.

სპეციალისტების თქმით, თუკი წარსულში, საქართველოს ამომრჩეველი თვითმმართველობის არჩევნებს ნაციონალური არჩევნებისგან არ განასხვავებდა და ხშირად პოლიტიკურ, ან ისეთ მოთხოვნებს უყენებდა კანდიდატებს, რომელსაც თვითმმართველობასთან ზოგჯერ კავშირიც არ ჰქონდა, წელს მისი დაკვეთა უფრო კომპეტენტური და ადეკვატურია. თუმცა, თბილისელების კიდევ ერთ მთავარ დაკვეთად პოლიტოლოგები, კანდიდატის უპარტიობას მიიჩნევენ.

შესაბამისად, პოლიტიკოსებს უწევთ უფრო რელევანტური დაპირებების გაცემა და აქცენტის კეთება ამომრჩევლების რეალურ საჭიროებებზე.

ქალაქებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი საკრებულო თბილისს ეყოლება, სადაც 25 წევრი პროპორციული წესით და 25 მაჟორიტარი აირჩევა. საკრებულოში არჩეულად ითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

მერების არჩევნების პირველსავე ტურში მოსაგებად კი ხმათა 50%-ზე მეტის მიღებაა საჭირო. თუ ვერცერთი კანდიდატი 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, მაშინ გამარჯვებული მეორე ტურში გამოვლინდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. მეორე ტური პირველიდან ორი კვირის შემდეგ ჩატარდება.

ამ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების აქტიურობა დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა რამდენიმე მათგანმა დედაქალაქში წინაასარჩევნო კამპანიის აქტიურად დაწყება უკვე მოასწრო. ზოგს ეს ეფექტურად გამოსდის, ზოგს კი – პირიქით. საბოლოო არჩევანის გაკეთება კი მაინც მოსახლეობას მოუწევს, ხოლო ეს კამპანია რა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე, ორ თვეში გაირკვევა.

საქართველოში სულ 3 მილიონ 500 ათასამდე რეგისტრირებული ამომრჩეველია, აქედან დედაქალაქის ამომრჩევლების რაოდენობა მილიონს აღწევს. პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ თუ წინასაარჩევნოდ მოხდა საარჩევნო კამპანიის სწორად დაგეგმვა, შეიძლება იმ შედეგებამდე მივიდეთ, რომ მეორე ტური გაიმართოს. მეორე ტურში კი შეიძლება საკმაოდ “უცნაურად” გადანაწილდეს ძალები.

„მეტრონომი“ იმ მერობის კანდიდატების საარჩევნო მესიჯებს გთავაზობთ, რომლებიც უკვე აქტიურობენ. ხელისუფლების კანდიდატმა კახი კალაძემ პრიორიტეტებს შორის სოციალური საკითხები, გარემოს დაცვა, თბილისის ისტორიული ნაწილის დაცვა, საგზაო მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაასახელა. მან რამდენიმე საჯარო გამოსვლაში, ოცნების მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტებზე ილაპარაკა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს და თქვა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია, „ქართული ოცნებაა“. კალაძის საარჩევნო სლოგანია “სიცოცხლით სავსე ქალაქია”.

ალეკო ელისაშვილი წლების განმავლობაში ძირითად აქცენტს აკეთებს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებაზე და გარემოს დაცვაზე. საკუთარი პერსონის წარდგენისას, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ის არ ექვემდებარება არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ან მსხვილი ბიზნესის გავლენას. ელისაშვილმა პირობა დადო, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ანგარიშვალდებული მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მის პროგრამაში ძირითადი ყურადღება გამახვილდება დედაქალაქის სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ინფრასტრუქტურაზე, უკანონო მშენებლობებზე, ავარიულ კორპუსებზე, საცობებსა და ეკოლოგიაზე. ყოფილი ტელეწამყვანის დაპირებებს შორისაა “სითი პარკის” პრობლემის მოგვარებაც, რომელსაც მისი თქმით, ვერცერთი ხელისუფლება ვერ გაუმკლავდა.

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ  საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 14 ივლისს გამართა. პროგრამა ეკონომიკურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გაზრდას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნასა და ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ამ მხრივ, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო მაგისტრალის გადატანას და ე. წ. შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულებას ანიჭებს.

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის  დირექტორი არჩილ გამზარდია, „მეტრონომთან“  ამბობს, რომ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო დაპირებებსა და კამპანიაში ახალი ტენდენციები შეინიშნება. მისი თქმით, კანდიდატები ამომრჩეველთან, წინა წლებისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლები კომუნიკაციით გამოირჩევიან. გამზარდია ფიქრობს, რომ ყველა კანდიდატი ამომრჩეველთან თავის სივრცეშია ჩაკეტილი და იმის გარეთ ნაკლებად აინტერესებს რა ხდება.

მისი აზრით, ეს გარემოება ერთადერთი მიზეზით არის კარგი, რადგანაც კანდიდატები ძირითადად ასეთი კონტაქტის დროს, მხოლოდ ერთმანეთის დისკრედიტაციით და კომპრომატირებით არიან დაკავებულები.

გამზარდიას აზრით, საქართველოში ხშირად არის, როდესაც პოლიტოკოსს საკუთარი უპირატესობის ჩვენება ამომრჩევლისთვის უჭირს, მაშინ ის ცდილობს, რომ მეტოქის დისკრედიტაცია მოახდინოს. სწორედ ამ კუთხით, თბილისის მერობის არჩევნების წინა პერიოდი გამოირჩევა იმით, რომ ეს ტენდენცია შემცირებულია.

„ახლა რაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ვხედავ, რომ პრინციპი ის ჩემზე უარესია და ამიტომ მე უნდა ამირჩიო აღარ არის კანდიდატებს შორის აქტიური თემა. ფაქტია, რომ პოლიტიკოსები მიხვდნენ, ქართველ ამომრჩეველს ეს ტენდენცია მობეზრდა და ნაკლებად ჭრის.

ამიტომ,  საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ვხედავთ, რომ მერობის კანდიდატები უფრო სხვა პრაგმატულ და საჭირო დაპირებებზე გადავიდნენ.

წინა არჩევნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამომრჩეველი ძალიან პასიური გახდა და რაღაც პერიოდი მხოლოდ პარტიული აქტივისტების აქტიურობას ვხედავთ. ახლა რასაც ვაკვირდები, ყველა მერობის კანდიდატი ცდილობს, უფრო კორექტული იყოს, ან ძირითადად საკუთარ სივრცეშია ჩაკეტილი. ერთი მხრივ ცუდია, რომ ურთიერთკომუნიკაციის პროცესი არ გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ კარგია, რომ ურთიერთდისკრედიტაციის ხარჯზე ქულების დაწერას არ ცდილობენ.

კიდევ ერთი კარგი დეტალი ის არის, რომ აჯანყებებისკენ მოწოდებები კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტუალური საკითხი აღარ არის. მოსახლეობა ასეთ მოწოდებეს აღარ ჰყვება, რადგანაც ჩვენი ამომრჩეველი გაიზარდა, შეიცვალა და სრულიად სხვა შეხედულებები ჩამოუყალიბდა“, – ამბობს გამზარდია „მეტრონომთან“

მისი თქმით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, საინტერესო კანდიდატები, რომლებიც ყველაზე მეტად  აქტიურობენ ალეკო ელისაშვილი, კახი კალაძე, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია არიან.

გამზარდიას აზრით, ამ არჩევნებში ასევე გარკვეული როლის თამაში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ირმა ინაშვილსაც შეუძლია. მისი აზრით, ამ არჩევნებზე ახალი და სიანტერესო ის არის, რომ კანდიდატები ხალხოსნურ შეხვედრებს ნაკლებად მართავენ.

სწორედ კახი კალაძის ახალი საარჩევნო კამპანიაა საიტერესო, რომელიც ვიდეომიმართვებით, ნაკლებად შემაწუხებელი კამპანიით, ცდილობს, რომ  ამომრჩევლებამდე სათქმელი მიიტანოს. გამზარდია ფიქრობს, რომ ვიდეომიმართვები ერთგვარი ალტერნატივაა, რომელიც გავრცელებადია და თავისი არსით მარტივი პროცესია.

გამზარდია ვარაუდობს, რომ თუ ელისაშვილი, ან სხვა რომელიმე მერობის კანდიდატი „ოცნებაზე“ და „ნაციონალებზე“ გაბრაზებულ ამომრჩეველს მიიმხრობს, მას მეორე ტურში გასვლის შესაძლებლობა ეძლევა.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ თბილისის მერობის არჩევნები სხვა ყველა არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ ამომრჩეველს ახლა მხოლოდ ერთი რამს სურს, კანდიდატი უპარტიო და წარსული პოლიტიკური ცოდვებით დამძიმებული არ იყოს.

მისი აზრით, ეს არჩევნები არანაირ მესიჯებზე და წინასაარჩევნო დაპირებებზე დამოკიდებული არ იქნება. თბილისელებისთვის ახლა მხოლოდ კანდიდატების ბიოგრაფიებს აქვს მნიშვნელობა და მას არ აინტერესებს ვინ რა ვიდეომიმართვას გამოაქვეყნებს.

ხუხაშვილის აზრით, ახლა თბილისელების მოთხოვნას მხოლოდ ერთი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აკმაყოფილებს. მისი თქმით, თბილისელი ამომრჩეველი ფიქრობს, გარდა იმისა, რომ ის ორი პარტია, რომელიც სახელისუფლო გუნდს წარმოადგენდა და წარმოადგენს, თბილისის მართვის ცუდი გამოცდილება უკვე აქვთ. ამიტომ მათ მიმართ ინტერესი ნაკლებია.

„პარტიულმა ლიდერებმა რაც არ უნდა კარგად ისაუბრონ, ამის თბილისელ ამომრჩეველს აღარ სჯერა. ალეკო ელისაშვილის წინასაარჩევნო გზავნილი და მესიჯი ზუსტად პასუხობს თბილისელების მოთხოვნას, რომ მერია და საკრებულო გაიწმინდოს პარტიული კლანური ჯგუფებისგან. იქ დასაქმდეს პროფესიონალი და საქმის მკეთებელი ადამიანები. სწორედ ეს უნდა ამომრჩეველს.

ეს უკვე სხვა საკითხია, ელისაშვილი ამას შეასრულებს თუ არა. ეს კამპანია ელისაშვილმა იმისთვის არ უნდა გამოიყენოს, რომ ამტკიცოს ხვალ და ზეგ თბილისში რა პროექტებს განახორციელებს. არამედ მისი კამპანიის მთავარი მიზანია, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მას ამის გაკეთების ძალაც შესწევს.

რაც შეეხება მერობის კანდიდატების ერთმანეთის კრიტიკას და კომპრომატირებას, ეს ტენდენცია ნამდვილად დაკლებულია, თუმცა ჯერ საარჩევნო კამპანია არ გახურებულა და მგონია, არც ამის ნაკლებობა იქნება.

ეს არჩევნები, ხელისუფლების დიდი მცდელობისა, ვერ მოხერხდა, რომ ორპოლუსიანი ყოფილიყო. ვხედავთ, რომ თამაშში ელისაშვილის სახით, სრულიად ახალი ფიგურაა შემოსული, რაც რა თქმა უნდა, თავად მმართველ გუნდშიც დაბნეულობას იწვევს.

ამიტომ ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ კანდიდატები რა სახის წინასაარჩევნო კამპანია იქნება და დებატებში მთავარი მესიჯები რა შეიძლება იყოს. ელისაშვილი თუ მეორე ტურში მოხვდა, მას კალაძის დამარცხების შანსი ეძლევა“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

(“მეტრონომმა” დაიწყო წინასაარჩევნო გამოკითხვა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. შედით აქ და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ კანდიდატს)

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....