„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, თუ ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი გახდებოდა.
თუმცა, მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ბოლო წუთამდე არ პასუხობდნენ, რას გეგმავდნენ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით, ხოლო მოგვიანებით, ტელეეთერით შეიტყო, რომ პარტიამ მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა.
„ჩვენი კონკურენტი არის ხელისუფლება, მას აქვს ძალიან სერიოზული ფინანსურ-ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მორალური უპირატესობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან, ნამდვილად მოგვცემს გარდატეხის შეტანის შესაძლებლობას.
ყველა ოპოზიციური პარტია გაემიჯნა მოლაპარაკებებს, ყველა საკუთარ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობს. ხშირშემთხვევაში ვაჭრობს და გარიგებებშია შესული და უმეტეს შემთხვევაში ამოცანად ისახავს, მოუგოს ან ბურჯანაძეს ან რომელიმე სხვა პარტიას და არა იმას, რომ ხელისუფლება რეალურად შეიცვალოს.
დააკვირდით ოპოზიციონერების გამოსვლებს, ყველა თავს არიდებს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას, სამაგიეროდ, აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს, იმიტომ რომ გარიგება ივანიშვილთან ხელსაყრელია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთიანი კანდიდატები დაასახელეს.
მერობის კანდიდატად კახა კუკავა წარადგინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად – დიმიტრი ლორთქიფანიძე.