აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს:
“რას არ წავაწყდები ხოლმე სახლში. მიუნხენში გამოცემული წიგნი ვნახე დღეს, სულ სანთელი იყო დაღვენთილი… ერთ-ერთ ფურცელზე დედაჩემს ეს მიუწერია…1999 წლის ნოემბერში, ლაშა წელიწადნახევრის მოკლული იყო…
როცა მოკლეს და დავასაფლავეთ, ყოველ დილით, მამაჩემის ტირილი მაღვიძებდა. სადღაც, თავისთვის ქვითინებდა, მაგრამ მე მაინც ჩამესმოდა. ერთხელაც, ვერ მოვითმინე და ტირილით გავვარდი, – მე რას მერჩი-მეთქი და გეგონება, შერცხვა (თავის ცრემლების კი არა, მე რომ მის გამო ვტიროდი, იმის) და თითქოს, თავი იმართლა: – შენ რა იცი, შვილი რა არისო. მე ვუთხარი – შვილი ჯერ არ მყავს, მაგრამ ყველაზე ძვირფასი იყო ძმა – მე ამაზე მეტი სიყვარული არ გამომიცდია და გთხოვ, შემიბრალე, ვერ ვუძლებ შენს ქვითინს-მეთქი. რა მართალი ხარო.
ის იყო და ის… ალბათ, კიდევ დიდხანს ტიროდა დილაობით, მაგრამ მე ძილში აღარ გამიგონია.
ძლიერი იყო მამაჩემი, მას ცრემლებით ტირილი შეეძლო. სამაგიეროდ, ტყვიას უშვერდა შუბლს, თუმცა, მაინც ზურგიდან, მიპარვით ესროლეს მშიშრებმა… ამაყი ვარ”– წერს რუსუდან შარაძე.
შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ, აკადემიკოსს გურამ შარაძეს ქუჩაში ესროლეს და მოკლეს. მისი საქმის მიმართ დღემდე არსებობს გარკვეული ეჭვები, თუ რეალურად ვინ მოკლა აკადემიკოსი.