აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნების“ მზაკვრული გეგმა: საკენკი პარტიებისთვის, რომლებსაც პულსი არ ესინჯებათ

„მეტრონომთან“ ანალიტიკოსები უბარიერო სისტემაზე საუბრობენ

პოლიტიკური სატყუარა, მზაკვრული გეგმა, ილუზია კონსესუსზე  და მოსყიდვის მცდელობა – ოპოზიცია და პოლიტოლოგები „მეტრონომთან“ საარჩევნო უბარიერო სისტემის “ოცნების“ ახალ ინიციატივას აფასებენ. მათი განცხადებით, ქვეყანაში საარჩევნო ბარიერის არარსებობა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება საქართველოს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

ისინი ფიქრობენ, რომ ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ბარიერის არარსებობა საერთოდ დაასამარებს საქართველოში ნორმალური პოლიტიკური პროცესის შემდგომში მაინც არსებობის და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის პერსპექტივას.

მათი აზრით, „ქართული ოცნება“ კვლავ ცდილობს მოკლას საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი. პოლიტოლოგების განცხადებით, ხელისუფლებას უნდა, რომ ვენეციის კომისიასთან ოპოზიციის შეხვედრის წინ გაჩნდეს ეჭვი პარტიებში და კონსტიტუციის განხილვა ვენეციის კომისიაში წარიმართოს არაერთსულოვანი განწყობით. ასევე ეს არის მმართველი გუნდის თამაში, რომ ვენეციის კომისია დაარწმუნოს თითქოს ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსენსსუსზე მიდის.

საპარლამენტო ოპოზიცია საკუთარი დამოკიდებულების შეცვლას არ აპირებს და მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მოხდეს. თუმცა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ერთკაციანი პარტიები აქვთ და ეს წინადადება მათთვის ყველაზე ხელსაყრელი იქნება. შესაბამისად „ქართული ოცნების“ ინიციატივა მათთვის ყველაზე ხელსაყრელია.

„ეს არის მორიგი მცდელობა გარკვეულწილად პოლიტიკური სატყუარა გადაუგდონ პატარა პარტიებს, მათ შორის საზოგადოებაში გააჩინონ განცდა, რომ სახელისუფლებო თამაშს თამაშობენ სხვადასხვა პარტიები. სინამდვილეში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, რეალურად ნიშნავს იგივე უსამართლო სისტემის შენარჩუნებას. ამიტომ, ერთადერთი, რასაც ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ეს არის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა,“ – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

„ქართულ ოცნებას“ 2012 წელს გაცემული დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ დაპირება შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ და სისტემა საარჩევნო შეიცვალოს არა 2024 წლიდან, არამედ 2020 წლიდან,“ – ამბობს ირმა ინაშვილი.

“საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ წინასწარ რაიმეზე საუბარი რთულია. დავითაიას თქმით, მან ჯერ არ იცის დათანხმდება თუ არა ის ამ შეთავაზებას, რადგანაც ჯერ ცნობილი არ არის, რა სახის პაკეტს სთავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას.

მისი აზრით, თუ ხელისუფლებამ არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით არჩევა დატოვა, ამ შემთხვევაში მათ წინადადებას მიიღეს, თუ კვლავ შერეული წესი დარჩა და პლიუს უბარიერო სისტემა, დავითაიას აზრით, ამ შემთხვევაში ამ წინადადების მიღებას აზრი არა აქვს.

„უბარიერო საარჩევნო სისტემა არის მაშინ მისაღები, როდესაც არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ტარდება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ცალკე რა პაკეტზეა საუბარი, რა ბონუს სისტემას გულისხმობენ. ეს საარჩევნო სისტემას რადიკალურად ცვლის.

იქ არის პარტიების დაფინანსება  და  ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპლექტაციაა მიბმული. ამიტომ ცალკე უბარიეროს დავთანხმდებით თუ არა, ეს რთული საკითხია. ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, რას და როგორ გვპირდებიან.

თვითონ უბარიერო სისტემა ქვეყნის დემოკრატიისთვის კარგია, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ბევ კითხვებს ბადებს. რუსეთს, ან სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ჩვეულებრივად შეუძლიათ, ასეთი საარჩევნო სისტემის პირობებში, თავისი აგენტები პარლამენტში დეპუტატებად შემოაგზავნონ. ამიტომ ცალკე კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვერ განვიხილავთ. ასევე აუცილებელია, რომ თავად ოპოზიცია შეხვდეს ერთმანეთს და შევთანხმდეთ რა და როგორ გავაკეთოთ.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 6 სექტემბერს ვენეციის კომისიასთან შეხვედრაა დანიშნული. იქ რითი მივდივართ, ხელისუფლებამ საბოლოო პოზიცია უნდა დააფიქსიროს. ხელისუფლება თუ თამაშობს ვენეციის კომისიისთვის თვალის ასახვევად, ესეც პრობლემა არ არის, რადგანაც პოლიტიკა თამაშია და ყველა საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვის“,-ამბობს პაატა დავითაია „მეტრონომთან“.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ უბარიერო სისტემა საქართველოს 90-იანი წლების ქაოსში გადაგდებას ნიშნავს. მისი აზრით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პირველი მოპარული მილიარდი იშოვა 90-იანი წლები იყო და ალბათ ახლა, ეს დრო მოენატრა. ნათელაშვილის განცხადებით, უბარიერო საარჩევნო სისტემით, ხელისუფლებას ერთკაციანი, ნახევარკაციანი პარტიების მოსყიდვა სურთ, რათა მათი დახმარებით უმრავლესობის შექმნა სურთ.

„პრაქტიკულად, ეს მოდელი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის დემოკრატიის დამკრძალავი კომისია. მისი დაშვება არაფრის ფასად არ შეიძლება, რაც არ უნდა ჩვენს ზოგიერთ კოლეგას სურდეს, პარლამენტის მანდატი აიღოს.

ჩვენი ქვეყნის პრობლემაა არა ის, რომ ბარიერი მაღალია, არამედ, არჩევნების მასობრივი ფალსიფიკაცია. ეს არის „ქართული ოცნების“ მზაკვრული გეგმა, რომლითაც ვენეციის კომისიის მოტყუება სურთ. ამის დაშვება ქვეყანას კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანს“, – ამბობს ნათელაშვილი.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ უბარიერო სისტემით ვიღაცის წვრილმანი ინტერესების დაკმაყოფილება მოხდება, თუმცა სისტემურად არაფერს შეცვლის. ხუხაშვილის აზრით, ამ სისტემამ ფუნდამენტალურად ერთი რამ შეიძლება შეცვალოს, რომ მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემა ჩამოყალიბდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლით. ანალიტიკოსის თქმით, სწორედ ეს იყო „ოცნების“ საარჩევნო დაპირება, რაც დასკვნით ეტაპზე გადათქვეს და მანკიერ მაჟორიტარულ სისტემას ვერ შეელივნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ უსუსური მცდელობა, შემქნას კონსესუსის ილუზია პარტიებთან, რომელთაც პულსი არ ესინჯება.

„ეს არის მმართველი გუნდის უსუსური და უნიჭო მცდელობა, რომ ვითომ კონსენსუსზე მიდის ოპოზიციასთან და მათ ინტერესებს ითვალისწინებს. გათვლა ყველაზე სუსტ პოლიტიკურ სპექტრზე არის. მათთვის ძვალის გადაგდების მეშვეობით ქმნიან ილუზიას, რომ ვიღაცასთან რაღაცაზე თანხმდებიან. თუ პარტიას პარლამენტში ერთი კაცი გაყავს, ის გინდ მჯდარა და გინდ არა, რა მნიშვნელობა აქვს.

ამას სახელმწიფო ინტერესებთან არანაირი კავშირი არა აქვს. ჩვენ ამით კვლავ ვიღებთ იმას, რომ პარტიული ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დგება. ეს არის ძალიან სავალალო და გულდასაწყვეტი ფაქტი.

„ოცნებას“ დღეს იმ სისტემის ლეგიტიმაცია უწევს, რომლის მიხედვითავ მაჟორიტარული წესით არჩევის გაუქმება უჭირთ.  ისინი ახლა სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და უნდათ ვიღაცა მაინც გამოძებნონ, რომელიც რაღაცაში მაინც დაეთანხმებათ. შემდეგ კი ვენეციის კომისიასთან განაცხადებენ, რომ ქვეყანაში რაღაცასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ეს არის პოლიტიკური თამაში.

უბარიერო სისტემით არჩევნები საქართველოში ვიცით, რომ 1992-1995 წლებში ჩატარდა, თუმცა არც იმის იმედი მაქვს, რომ იმ წლების მსგავსად ახლა არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. დამერწმუნეთ პარტიების უმეტესობა ბუნებრივ ბარიერსაც კი ვერ გადალახავენ“,-აცხადებს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ უბარიერო სისტემით, პარლამენტში მოხვედრილი ერთკაციანი პარტიების მიერ შექმნილი ფრაქციები იქნება უფრო სუსტი, რადგანაც წევრთა რაოდენობა ნაკლები ეყოლებათ. ხოლო ხმალაძის თქმით, პარლამენტში არსებული უმრავლესობისთვის ეს ოპოზიციური ნაწილი, ნაკლები  თავის ტკივილი  იქნება, რადგანაც უფრო ჭრელი, სუსტი და ადვილად სამართავები იქნებიან.

„უბარიერო სისტემით შესული ადამიანები, ძლიერ და ერთიან ოპოზიციას პარლამენტში ვეღარ შექმნიან. ხოლო საპარლამენტო უმრავლესობისთვის მომდევნო საპარლამენტო ცხოვრება უფრო იოლი გახდება. მაღალი ალბათობით კვლავ ერთპარტიულ უმრავლესობას მივიღებთ, რადგანაც მაჟორიტარული სისტემიდან საკამარისია მათ 73 მანდატიდან 53 მანდატი მიიღონ, ხოლო პროპორციულად 30 პროცენტიც რომ აიღონ მათ პარლამენტში წევრთან ნახეარზე მეტი მანდატი ექნებათ. ასე, რომ „ქართული ოცნება“ სათავისოდ მშვენიერ გარემოს იწყობს“, – ამბობს ხმალაძე „მეტრონომთან“.

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....