ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარე საბოლოო სიტყვით წარდგება. საქმე დასკვნით ეტაპზეა – ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის განაჩენი სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსკენ დადგება.
დღევანდელი პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოზე წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მოსამართლე გიორგი მამალაძის ბრალეულობაში დარწმუნდეს:
“სასამართლოში ჩვენ წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, დავკითხეთ ასზე მეტი მოწმე, გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტიზის შედეგად აღდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და სხვა სახის დოკუმენტები. ეს უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოსამართლე დავარწმუნეთ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში. შესაბამისად, საზოგადოებასაც ვარწმუნებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ როგორც ანგარებით მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვაში”, – განაცხადა გუბელაძემ.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, დეკანოზის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ ვერცერთი მოწმის ჩვენებით ვერ დასტურდება, რო დანაშაული მზადდებოდა:
”რა თქმა უნდა, პროკურატურა აბსურდული არგუმენტაციით ეცდება დაადასტუროს წარდგენილი ბრალი. ვერც ე.წ. ოქროს მოწმით, ვერც ე.წ. დაზარალებულის და ვერც სხვა მოწმეების ჩვენებით ვერ დასტურდება, რომ დანაშაული მზადდებოდა. ეს იყო პროვოკაციული ქმედება, რომელიც განხორციელდა მამა გიორგის წინააღმდეგ”, – განაცხადა რამიშვილმა.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს, სადაც საქმე დასკვნით ეტაპზეა. ბრალდების მხარის საბოლოო სიტყვის წარდგენის შემდეგ, 10 სექტემბერს საბოლოო სიტყვით დაცვის მხარე წარდგება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სექტემბრის თვის ბოლოს, მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.