ახალი ამბები მთავარი სამართალი

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

რამდენიმე დღის წინ, სოფელ ცეცხლაურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი 46 წლის პირმა დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში ახლობლის სახლში დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.დ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობი – გ.ს.-ს დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ს.დ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იმერეთში, ახლობლის სახლში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)” – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....