აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მორიგი შესაძლო გადატრიალება აფხაზეთში: რატომ ჩადის პუტინი სოხუმში

ზაალ ანჯაფარიძე: „საქართველოს მთავრობას ურჩევნია სააკაშვილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მოქალაქეობააყრილი ჰყავდეს“

 

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და მთავარ გზავნილებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს,  ოფიციალური კრემლისგან  პასუხად აფხაზეთში პუტინის ჩასვლის დაგეგმვა მოჰყვა. რა შედეგები მოჰყვება მაიკ პენსის ვიზიტს და რა რეაქციებს შეიძლება ველოდოთ ოკუპანტი სახელმწიფოსგან?  პოლიტიკურ შეფასებებს „მეტრონომთან“ პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე აკეთებს.

 

„მეტრონომი“: როგორ შეიძლება შეფასდეს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში?

ზაალ ანჯაფარიძე: პენსის ვიზიტის შეფასებისას, თუ გავითვალისწინებთ მის მარშრუტს და იმ რეგიონებს, რომელიც მან მანამდე და მის შემდეგ მოინახულა, ჩანს, რომ საქართველო აშშ-ს განსაკუთრებული ზრუნვისა თუ ინტერესების სფეროში მოხვდა, რაც შემთხვევითი არ არის. ეს იყო ერთგვარი დიპლომატიური და ფარული გზავნილი რუსეთის მიმართ.

განსაკუთრებით მენიშნა პენსის პასუხი ამერიკელი ჟურნალისტის კითხვაზე, რას მოიმოქმედებს აშშ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს მიმართ კონკრეტულ, არასასიამოვნო ქმედებებს განახორციელებს.  როგორც მან უპასუხა, აშშ ამის უფლებას არავის მისცემს თუმცა, იქვე განაცხადა, რომ დიალოგი კონფლიქტების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა. შესაბამისად, მაინც რუსეთთან, საკავნძო მოთამაშესთან დიალოგისკენ მივდივართ.

აქ კიდევ ერთი საკითხია – ის საკმაოდ მკაცრი სანქციები, რაც რუსეთმა აშშ-სგან მიიღო, სავარუდოდ, გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს იმ შედეგს, რაც თავის დროზე რეიგანის ადმინისტრაციის მიერ საბჭოთა კავშირის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია; კერძოდ, ამ უკანასკნელის ეკონომიკურად ისე დასუსტება, რომ ბოლო წლებში, პოლიტიკური წინააღმდეგობის თავი აღარ ჰქონდა. ასეთი პირობებით დასუსტებულ და კუთხეში მიმწყვდეულ საბჭოთა კავშირს ბევრი რამ დაათმობინეს, მათ შორის გერმანიის გაერთიანება, ვარშავის ბლოკის დაშლა და თავად საბჭოთა კავშირის უმტკინვეულოდ გაქრობაც. ვფიქრობ, დროში განგრძობადი პროცესი უნდა იყოს ის, რისკენაც ამერიკაც და ევროპაც მოგვიწოდებს – სტრატეგიული მოთმინება გამოვიჩინოთ, რომ საბოლოოდ, რუსეთი მიიყვანონ ისეთ მდგომარეობამდე, ოკუპაცია შეწყვიტოს.

– რა შეიძლება იყოს რუსეთის რეაქცია საქართველოში პენსის ვიზიტის და ნატოს წრთვნების საპასუხოდ?

– პირველი რეაქცია უკვე არის – პუტინი აფხაზეთში ჩადის. ეს უკვე პენსის ვიზიტზე გამოხმაურებაა, რომ რუსეთი არაფრის შეცვლას არ აპირებს და პირიქით, აძლიერებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტებს.

ამ ვიზიტს სხვა დატვირთვაც აქვს: აფხაზეთში რუსეთისთვის ფრიად არახელსაყრელი ვითარება შეიქმნა. მოგეხსენებათ, რამდენიმე რუსი ტურისტი მოკლეს და გარკვეული, ანტირუსული სენტიმენტებიც დაიწყო.  პუტინი ალბათ იქ ჩადის იმიტომ, რომ საბოლოოდ დაალაგოს სიტუაცია და მკაცრი გაფრთხილება მისცეს იქაურ პოლიტიკურ წრეებს, რომ თუ ისინი მოსკოვის თამაშის წესებს არ ითამაშებენ, მორიგი სასახლის გადატრიალება სავსებით შესაძლებელია. ასევე, მოსალოდელია, მოსკოვმა ხაჯინბაზე უფრო მარიონეტი ხელისუფალიც დასვას.

– მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ვისუბროთ: ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პენსს მისი მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა რა შეიძლება იყოს აშშ-ს რეაქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის ექსტრადირების აუცილებლობაზე საუბრობს?

– გასაგებია, „ნაციონალური მოძრაობა“ რა შეკაზმვით მიაწოდებდა პენსს ამ ინფორმაციას, მაგრამ როგორი იქნება აშშ-ს რეაგირება, ამას დავინახავთ. ენმ ყოველთვის ცდილობდა იმ ნარატივის კულტივირებას, თითქოს სააკაშვილი საქართველოში პოლიტიკურად დევნილი და მსხვერპლია. შესაბამისად, ამ თემის კულტივირებას ისინი საერთაშორისო დონეზეც ცდილობენ.

ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამერიკელებისთვის არ არის სააკაშვილის საკითხი იმდენად პრიორიტეტული, რომ საქართველოსთან ურთიერთობა დაძაბონ. შესაძლოა დიპლომატიურ დონეზე იყოს აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მაგრამ არ მგონია ამან სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

რაც შეეხება ექსტრადაციის საკითხს, კანონით ეს საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, მაგრამ ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ წარმოუდგენელს, რომ აშშ-მა სააკაშვილი საქართველოს გადმოსცა, ეს ხელისუფლებისთვის სერიოზული თავის ტკივილი იქნება. ამიტომ, მთავრობას ურჩევნია სააკაშვილი საქართველოს ფარგლებს გარეთ, მოქალაქეობააყრილი ჰყავდეს,  ვიდრე აქ – პატიმრობაში, რომელსაც ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მაშინვე შეეცდება  პოლიტიკური დევნილის და წამებულის მანტია მიანიჭოს, რაც, არ მგონია ხელისუფლების ინტერესებში შედიოდეს.

მანა ნოდია

იტვირთბა....