რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღებისა და საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის საკმაოდ ხმაურიანი ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთში ცასვლა გადაწყვიტა. კრემლის ამ რეაქციას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მინისტრი კრემლის ლიდერის ამ განზრახვას განგრძობადი ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის მცდელობად აფასებს.
“გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ეს ვიზიტიც ალბათ ამ რანგში უნდა განვიხილოთ. ეს ჯდება ერთიან სურათში – ეს არის განგრძობადი პროვოკაცია. ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ის დე ფაქტო აფხაზეთს 8 აგვისტოს ეწვევა, ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ინფორმაციას РБК ავრცელებს.