ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დღემდე არ არსებობს მოტივი”: გივი თარგამაძე ავტომობილის აფეთქების საქმეზე იკითხება

“მეტრონომი” სასამართლო პროცესიდან:

თბილისის საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე თავად დაზარალებული გივი თარგამაძე დაიკითხება. ამ წუთებში ის სასამართლოში გამოცხადდა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს არ არის ის პროცესი, რომელიც უნდა იმართებოდეს. თარგამაძე მიიჩნევს, რომ პროცესი უნდა იმართებოდეს არა ერთი პირის, არამედ ორი შემსრულებლის, მათთან დაკავშირებულ პირებისა და დამკვეთებთან მიმართებაში:

”პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ამ პროცესის მიმართ ჩემს პოზიციას არ ვიცვლი. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ის პროცესი, რომელიც ამ საქმეზე უნდა იმართებოდეს. აქ უნდა იმართებოდეს არა მხოლოდ ერთი შემსრულებლის, არამედ ორივე შემსრულებლის და მათთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში და ასევე, დამკვეთებთან მიმართებაში. უნდა არსებობდეს მოტივი, რომელიც არ არის დღეს საქმეში და ეს იქნებოდა პროცესი, რომელიც მართლაც მიესადაგებოდა ამ ტერორისტულ აქტს. ასეთი კვალიფიკაციაც კი  არ აქვს მინიჭებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობა მოითხოვს ჩემს დაკითხვას, მე კანონს ვემორჩილები”- აღნიშნა თარგამაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დღეს ის დაიკითხება აფეთქების დღესთან დაკავშირებით და არა მის მიერ შემდეგ მოპოვებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:

“პირადად მე ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი იქიდან გამომდინარე, რომ რა ინფორმაციაც მოვიპოვე ამ აფეთქებასთან დაკავშირებით, ეს უკვე შემდეგ მოხდა, ხოლო უშუალოდ, როგორც ჩანს, დავიკითხები იმ დღის პერიპეტიებთან დაკავშირებით.”-განაცხადა თარგამაძემ “მეტრონომთან”.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....