თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება.
მისი თქმით, კვლევა მისი კამპანიის დაწყებამდე ჩატარდა, რადგან ოფიციალურად მერობის კანდიდატი არ იყო, შესაბამისად ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მეორე ადგილი ცუდი დასაწყისი არ არის.
გარდა ამისა, მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს შედეგები საკმარისი არ არის და წერს: “ერთი რამ რაც ნათელია ამ კვლევიდან – იქნება მეორე ტური.”
“ეს აჩვენებს რამდენად დაშორდა ხელისუფლება ხალხს და რამდენად წარმოდგენა არ აქვთ რა უჭირს უბრალო თბილისელს და რა პრობლემები აწუხებს ხალხს. სულ რაღაც რამდენიმე წლის თავზე ხალხმა აჩვენებს რომ მათ მობეზრდათ უპატრონოდ მიგდებული ქალაქის და ქვეყნის ყურება. ახლა მთავარია რომ თითოეულმა თბილისელმა ბოლომდე ირწმუნოს რომ ჩვენ შეგვიძლია გარდავტეხოთ და შევცვალოთ ვითარება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ხალხზე”- წერს ელისაშვილი.
NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ხმების 30% “ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე მიიღებდა, 19 პროცენტს კი ალეკო ელისაშვილი.