ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: თუ სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, ქვეყანა სისხლის სამართლის კოდექსით იმოქმედებს

“თუ სააკაშვილი გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ჩვენი ქვეყანა იმოქმედებს ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით”  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურის დაწყების საქმეზე საუბრისას გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკრაინულმა მხარემ მიიღო და ქართულ მხარესთან საკითხზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ისინი კიევის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და თვლიან, რომ თავის დროზეც საკუთარ ქვეყანაში დანაშაულში ბრალდებული პირი მაღალ თანამდებობაზე არ უნდა დაენიშნათ.

ეს არის უკრაინული მხარის გადაწყვეტილება, არანაირ შეთანხმებას ადგილი ცხადია, არ ჰქონია. ეს არის უკრაინის შიდა საქმე. მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონია საქართველოს მოქალაქეობა, საზოგადოებამ კარგად იცის. კონკრეტული მიზეზების გამო, მას უკრაინის მოქალაქეობაც ჩამოერთვა.

მის მიმართ ჩვენს ქვეყანაში არის მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, დევნა არის დაწყებული და თუ ის გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს, ჩვენი ქვეყანა იმოქმედებს ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსით,“ – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” 26 ივლისს, რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო. კერძოდ, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, სააკაშვილმა მიუთითა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობდა, თუმცა, საქართველოს მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

აღნიშნულს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში.

ამჟამად აშშ-ში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამართლებრივ ბრძოლასა და უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს: “მე ერთი მოქალაქეობა მაქვს – უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან მოვითხოვო, ეს არ მოხდება”.

იტვირთბა....