ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა იყო სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ოფიციალური მოტივი

უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა 20-კაციანმა კომისიამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს არამართლზომიერად ჰქონდა მინიჭებული უკრაინის მოქალაქეობა, რადგან უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს, მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.

„უკრაინის პრეზიდენტთან არსებულმა 20-კაციანმა კომისიამ იმსჯელა რამდენად მართლზომიერად ჰქონდა მინიჭებული მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს არამართლზომიერად მოხდა, რადგან უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების დროს, მის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდებოდა, რაზეც უკრაინას ინფორმაცია არ გააჩნდა“,- განუცხადა საზოგადოებრივს წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ,  თავდაპირველად სააკაშვილის მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით ინფორმაცია “მეტრონომმა” რადას დეპუტატის “ფეისბუქ” სტატუსის მიხედვით გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში დაადასტურეს, რომ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა.

როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი გახდა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მოტყუების გზით მიიღო.

 

იტვირთბა....