აღმაშენებლის გამზირზე „ევროპული საქართველოს“ მსვლელობა – „არა რუსულ ფაშიზმს“ ამ დროისთვის დასრულებულია. დღეს ადგილზე 2 ერთმანეთის საპირისპირო აქცია იყო დაგეგმილი და ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორებს დილიდან თბილისის მერია მოუწოდებდა, რომ აქცია სხვა ადგილზე ან დროს გადაეტანა. იმავე მოწოდებით ორივე აქციის ორგანიზატორებს დღეს საპატრიარქომაც მიმართა. ე.წ. ქართველთა მარშის წევრები სნოში კათალიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. მოგვიანებით, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ აქცია არ გამართავდნენ.
ამ დროისთვის კი მათი მომხრეები აღმაშენებლის გამზირზე უკვე შეკრებილები იყვნენ და არც „ევროპული საქართველოს“ მსვლელობის დროს დაიშალნენ. მათ აქცია „არა რუსულ ფაშიზმის“ მონაწილეებს კვერცხები, ბოთლები და ცოცხები ესროლეს. ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობაც გაუწიეს და გამზირზე გასვლაც სცადეს.
მსვლელობაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მონაწილეობდნენ, მათი განცხადებით, საქართველოში ე.წ. ქართველთა მარშის წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა მფარველობს.
„ამ ბოლო პერიოდში გაბედეს საჯაროდ 25 წლის გოგო გაუპატიურების მუქარა და ამის შემდეგაც კიდევ არიან ამ გონორზე. აუცილებელია საზოგადოებამ აჩვენოს, რომ ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და არასოდეს არ დავუშვებთ, რომ ამ ხალხმა მთავრობის დაკვეთით, მთავრობის სატელიტობით, ქვეყნის გარეთ ჩვენი მტრის დაკრულზე მიაღწიონ თავის მიზანს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ.
პარტია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ფაშისტური“ მოძრაობები საქართველოში ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.
„რომ არა წახალისება, ეს ჯგუფები, მათი მედიასაშუალებები, მათი ასე დაუსჯელად, ასე კლასიკურად ფაშისტური ლოზუნგებითა და ქმედებებით ვერ იქნებოდნენ წარმოდგენილი,“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
პარტია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივნის, გიგი უგულავას აცხადებს, რომ მსგავსი „ფაშისტური“ მოძრაობები, მთელ მსოფლიოში რუსეთის მიერ ფინანსდება.
„ეს შავი ჭირი, რომელიც დღეს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში მძვინვარებს, ძირითადად იკვებება რუსეთის მხრიდან, მაგრამ საქართველოში მას დამატებითი მკვებავი ჰყავს,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
პარტია ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ საქართველოში საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, თუმცა მოძალადეების ადგილი ქვეყენაში არ არის, რადგან საქართველო თავისუფალი და მშვიდობიანი სახელმწიფოა.
„ეს აქცია არის ქართული საზოგადოების ძალიან მკაფიო განაცხადი, რომ საქართველოში რუსული ფაშიზმი ვერ მოიკიდებს ფეხს. ეს მოძალადეები, რომელთაც კვებავს ხელისუფლება, ვერ ისაუბრებენ ჩვენი სახელით და საქართველო არის თავისუფალი, ევროპული და მშვიდობიანი ქვეყანა,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.