ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი “მეტრონომთან” საუბრისას, “ქართული ოცნების” დეპუტატის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ “ყველამ იცის გია ხუხაშვილი “ქართული ოცნებიდან” რისთვის მიაბრძანეს”. ხუხაშვილი დეპუტატს მოუწოდებს დაასახელოს რა მიზეზი იცის, რისთვისაც მან ივანიშვილის მრჩევლის პოსტი დატოვა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ის საკუთარი სურვილით წამოვიდა “ოცნებიდან” და არვის არსაიდან არ მიუბრძანებია.
“ვანო ზარდიაშვილი მიშა სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო. ასეთი კაცუნებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. დაასახელოს თავად რა მიზეზი იცის, რისთვისაც მე წამოვედი და ნახავს, რომ თავისივე ნათქვამს თვითონვე “ალოკავს”. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლებას გვერდით ასეთი საცოდავები ჰყავს დაყენებული. ახლა ნახოს ჩემგან რამდენს და რას ვილაპარაკებ. ზარდიაშვილი იმას მიიღებს რასაც ეძებს”,-ამბობს ხუხაშვილი “მეტრონომთან”.
შეგახსენებთ, საქართველოს უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა, გია ხუხაშვილის კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით ამაზრზენი უწოდა. მისი აზრით, მიუღებელია კრიტიკა იმ ადამიანისგან, რომელიც ყველამ ზუსტად იცის “ქართული ოცნებიდან” რატომ მიაბრძანეს.
“ამაზრზენია, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს აკრიტიკებს ადამიანი, ვიზეც ზუსტად იცი რისთვის მიაბრძანეს ,,ქართული ოცნებიდან’’. ამასთან, ბატონი ხუხაშვილი, იმ ადამიანების რიგში ჩადგა, რომლებიც დაჟინებით ცდილობენ, უდავოდ პროგრესული კონსტიტუციური რეფორმის დისკრედიტირებას. უბრალოდ სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ შეურაცხყოფის არანაირ ფორმას არ ერიდება.
სამწუხაროა, რომ მისი გააქტიურება და ირაკლი კობახიძეზე ასეთი უზნეო ფორმით თავდასხმა, პარლამენტის წევრების მხრიდან პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის კრიტიკას ემთხვევა ხოლმე. განვითარება და კონსტიტუციური რეფორმა ხალხის დაკვეთა და ,,ქართული ოცნების’’ დაპირებაა, ამიტომ ამ პროცესს სუბიექტური ინტერესებით მართული ადამიანები ნამდვილად ვერ შეაჩერებენ”, – განაცხდა ზარდიაშვილმა.