ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოწმე მოიშორეს: რატომ ჩაცხრილეს ორი ახალგაზრდა ოზურგეთში

ამ დრომდე უცნობია გუშინ მოკლული ორი ოზურგეთელი მამაკაცის მკვლელობის მოტივი და მკვლელების ვინაობა. ცნობილია მხოლოდ, რომ გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი დიმა ომოლჩენკო იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე (ყოფილი წულუკიძის ქუჩა) ფოცხიშვილის ნათლიის სახლის წინ ჩაცხრილეს.  შავი ავტომობილი, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ მკვლელობიდან ორ საათში, სოფელ ოზურგეთში დამწვარი იპოვეს.

ახლობლები შურისძიების და შეკვეთილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ. ფოცხიშვილი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირი იყო და წლების წინ ე.წ. კანონიერ ქურდებათან დაპირისპირებაც ჰქონდა. ის 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და 25 წელი მიუსაჯეს. ციხე მან 2013 წელს ამინისტიის კანონის შედეგად დატოვა და როგორც ამბობენ ბიზნესით იყო დაკავებული. რაც შეეხება ფოცხიშვილის დის ქმარს, დიმა ომოლჩენკოს იგი შემოქმედის ეპარქიაში გაიზარდა. დედმამით ობოლი ბიჭი მეუფე იოსებმა გაზარდა. ომოლჩენკომ სასულიერო პირების გარემოცვაში წლები გაატარა. მის შესახებ ყველას სასიამოვნო მოგენებები აქვს და როგორც ამბობენ, პატიოსანი ახალგაზრდა შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა.

ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ რასაც ქვია, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ ანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე და დიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო მგონი როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც.

ცოლის ძმა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი იყო, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და ეს დიმაც ზედ მიაყოლეს, რადგან იქ იყო _ მოწმე მოიშორეს რა.

პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფაქტს შეესწრო.  ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა,” _ წერს სოციალურ ქსელში კობა სუბელიანი.

დიმას ემოციურ პოსტს უძღვნის შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ხათნა ცერცვაძეც:

“მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა თეთრი საყვარელი ბიჭი. თავისთან ზრდიდა. მერე მეუფემ ნახა და ეტყობა თვალებში რომ ჩახედა დაინახა ამხელა ტრაგედია ელოდა და უნდოდა მისი ფრთის ქვეშ ყოფნით დაეფარა.  გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ, ეკლესიის წიაღში. ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა. მშრომელი და სიკეთისმოყვარე. მეუფისგან სითბო, სიყვარული, შრომისმოყვარეობა კარგად შეისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას ჩვენი გაზაფხულა. დედობას იღუმენიები და დედები უწევდნენ. ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკო.  ასე მოვდიოდით ერთად ბევრი წელი. ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა. ველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად მეუფე გვაერთიანებდა მის ირგვლივ…

მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით. დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე. ყველა დიმიკოს ირგვლივ ვიყავით და გვინდოდა ყველაფერი საუკეთესო მისთვის ყოფილიყო. მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა. დღედაღამ მუშაობდა ორივე ცოლ-ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ. მერე დაბრუნდნენ სამშობლოში, თავიანთი ბუდე მოაწყვეს და აქაც გააგრძელეს შრომა.

ასე პატიოსნად და დაუზარელად გაჰონდათ ცხოვრების ჭაპანი. დღეს კი, ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი. ბიჭი, რომელიც მამის ასლია. ბიჭმა, რომელმაც უმამოდ უნდა გაიზარდოს.&ნბსპ; მართალია, ემახსოვრება საყვარელი მამიკო, მაგრამ მაინც სხვებიდან მოუწევს გაიგოს, როგორი თბილი გული ჰქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული იყო, როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია პატიოსანი სული და სახელი დატოვა, მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა”,- წერს ცერცვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ სისასტიკით ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

წყარო: “გურიანიუსი”

იტვირთბა....