თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩევლის გელა ჯაფარიძის ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებს 70-მდე ადამიანმა მიმართა, თუმცა მათ შორის ქართველები არ არიან.
“ცხელ ხაზზე დარეკეს ჩვენმა მოქალაქეებმა და გვითხრეს, რომ მათ არანაირი დაზიანება არ აღენიშნებათ მიწისძვრის შემდეგ, თუმცა შიშის გამო დატოვეს სასტუმროს შენობები და საცხოვრებელი სახლები“, – განაცხადა ჯაფარიძემ „რუსთავი 2“-თან.
ეგეოსის ზღვაში ძლიერმა მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდა ბოდრუმისა და მარმარისის კურორტები. სამწუხაროდ არის მსხვერპლიც: საბერძნეთის კუნძულ კოსზე მიწისძვრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 100-მდე მოქალაქე. „როიტერის“ ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიას ცუნამი და ნგრევა მოჰყვა.
ვარაუდობენ, რომ მსხვერპლისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება. სპეციალისტების ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან რამდენიმე კილომეტრში იყო.