აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ჩვენ გვჭირდება დამნაშავე“: უფლებადამცველი აცხადებს, რომ მინისტრის გამოსვლა არადამაჯერებელი იყო

ექსკლუზიური ინტერვიუ იურისტ და უფლებადამცველ ლია მუხაშავრიასთან

იურისტი და უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ საუბარში, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებას აფასებს. მისი თქმით, მღებრიშვილს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ჟურნალისტის გაუჩინარების პირველივე დღიდან თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა.

მისი აზრით, მინისტრის ეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგია. იურისტი მღებრიშვილს მოუწოდებს, რომ სტრასბურგის სასამართლომდე, ამ საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი ყველა პირი თანამდებობებიდან გადააყენოს. სხვაგვარად, ევროსასამართლო ჩათვლის, რომ გამოძიებას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.

„მეტრონომი“: შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე, სუსის კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. მინისტრის თქმით, სწორედ ეს პირები არიან პასუხისმგებელი აფგან მუხთარლის საქმეზე და ვიდრე გამოძიება არ დასრულდება მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ. როგორ ფიქრობთ, დროული იყო თუ არა მინისტრის ეს გადაწყვეტილება და ეს მოიტანს რამე რეალურ შედეგს?

ლია მუხაშავრია

ლია მუხაშავრია: მიუხედავად იმისა, რომ სასაზღვრო უწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი ამ თანამდებობას გადაყვა, უწყებას მაინც არ სურს  აიღიაროს, რომ სერიოზული დარღვევა დაუშვა და ადამიანმა საზღვარზე ისე გაიარა, რომ მისი დამნახავი არავინ იყო. მაშინ რისთვის დგანან იქ, რას აკეთებენ? ძალიან საწყენია, რომ ძალოვანმა უწყებებმა ვერ ისწავლეს ასეთ დარღვევაზე სათანადო რეაგირება. მათი ასეთი შეცდომები სახელმწიფოს სერიოზულ ფასად უჯდება. ისინი რაც უფრო დროულად მიიღებენ შესაბამის ღონისძიებებს და იტყვიან შეგვეშალა, მით მეტი ოპტიმიზმი გაჩნდება, რომ მსგავსი აღარ განმეორდება.

მას შემდეგ რაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა და სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, მხოლოდ ამის შემდეგ გადააყენა შინაგან საქმეთა მინისტრმა მაღალი თანამდებობის პირები. მას ეს ნაბიჯი მაშინვე უნდა გაეკეთებინა, როგორც კი მუხთარლის გაუჩინარება მოხდა და შემდეგ ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოაჩინეს.

ჟურნალისტის ქვეყნიდან ასეთი ფარული ექსტრადირება ძალიან მძიმე ფაქტია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო დონეზე იმიჯს ულახავს. ეს არის ნახევარი ნაბიჯი, რომელიც პროგრესისკენ არ არის მიმართული. ძალიან საწყენია, რომ მათ დანაშაულის აღიარება კიდევ არ სურთ.

– როგორ ფიქრობთ, პირები რომლებმაც თანამდებობები დატოვეს ნამდვილად პასუხისმგებლები არიან ამ საქმეში? მხოლოდ ამ ადამიანების დანაშაული იკვეთება?

– მემგონი სასაზღვრო პოლიციაზე მეტად ის ადამიანები არიან დამნაშავენი, ვინც ეს ძალადობრივი აქტი განახორციელეს. მითუმეტეს, აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა დააკავეს. უფრო ცუდად ყოფილა საქმე, თუ ეს ქართული კი არა აზერბაიჯანული სპეცსამსახურების გაკეთებულია.

ხვალ, ასეთი კერძო დავალებები შეიძლება კიდევ შესრულდეს და იგივე წარმატებით ჩვენი ქვეყნიდან სხვა რომელიმე ქვეყნისთვის არასასურველი ადამიანები მოიტაცონ. ეს კი უკან 90-იან წლებში გვაბრუნებს და ყველაფერი ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტებს ქმნიდეს.

– უშვებთ პრეცედენტს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებაში დაბალი რგოლის თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ და ეს გატაცება ჩინოვნიკების დონეზე არ გადაწყვეტილა? მინისტრის დღევანდელი ნაბიჯი ამის მინიშნება ხომ არ არის?

მუხთარლიწწ

– აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა, შუა რგოლში გადაწყვეტილიყო. ეს არის მკაცრი იერარქიის მქონე სტრუქტურა, სადაც ქვემდგომი ზემდგომს ექვემდებარება. მითუმეტეს, უკანონო დავალებას არავინ შეასრულებს, თუ მას უფროსი არ დაავალებს. მან უნდა მიიღოს გარანტია, რომ ამ დავალებას არ გადაყვება. დღეს მინისტრის გამოსვლა ძალიან არადამაჯერებლი იყო.

– მინისტრის გამოსვლის შემდეგ რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, როგორ დასრულდება გამოძიება? რა არის ვერსია, რომელსაც ქართული მხარე საბოლოოდ დადებს?

მღებრიშვილი

– მინისტრის ეს ბოლო გადაწყვეტილება მაფიქრებინებს, რომ აფგანის საქმე მასთან შეთანხმებული იყო და შესაძლოა ახლა ის ჩინოვნიკი, რომელიც გათავისუფლდა ძალიან მალე სხვა თანამდებობაზე აღადგინონ. რეალურად ის არც დაისაჯოს, რადგანაც ეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა რეალურად არ არის. რაც შეეხება გამოძიებას, ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი.

ამდენი ხნის განმავლობაში, ისედაც ყველა საკითხი გარკვეული უნდა ჰქონდეს. მინდა მინისტრს ვურჩიო, რომ ვიდრე აფგანის საქმე სტრასბურგში გადაწყდება და ეს ძალიან ჩქარა მოხდება, მანამ ყველაფერი გააკეთოს, რომ სახელმწიფო არ შერცხვეს.

მსგავსი საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ უკვე არსებობს და ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე ჩეჩენი ჟურნალისტების გატაცების საქმეში გამტყუნდა. ამ ხელისუფლებას კიდევ იგივე ფაქტი, ძალიან დააზარალებს. გამოვა, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველოში არაფერი შეცვლილა და ერთ ადგილს ვტკეპნით.

– გაკეთდა განცხადებები, რომ მაღალი თანამდებობის პირების გადაყენება საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად კეთდება…

– ერთის მხრივ, შეიძლება ასეც არის, ხოლო მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ არ ელოდნენ აფგანის საქმეს თუ ამხელა რეზონანსი მოჰყვებოდა. ამიტომ ახლა, ხელისუფლება იძულებულია მსხვერპლშეწირვის რიტუალი ჩაატაროს. ჩვენ გვჭირდება დამნაშავე. ვურჩევ მინისტრს ყველა ის პირი გადააყენოს, ვინც შესაძლოა აფგანის საქმესთან რაიმე სახის შემხებლობაში იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროსასამართლო დაასკვნის, რომ ყველა ეს საგამოძიები ღონისძიებები ფორმალური იყო.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი   

იტვირთბა....