გუშინ ფოთის დამწვარი ბაზრობის მოვაჭრეები დილიდან ბაზრობის შესასვლელთან შეიკრიბნენ. დაზარალებულები იმ ვიდეო მასალის ამოღებას ითხოვენ, სადაც მათი განცხადებით ჩანს დამნაშავე პირები, რომლებმაც ბაზარს კერძო ინტერესებიდან გამომდინარე ცეცხლი წაუკიდეს.
მოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზრობის ადმინისტრაციას მათ ადგილებზე გარემოვაჭრეების შეყვანა სურს, რადგან ისინი მეპატრონეს მეტ თანხას გადაუხდიან. დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ბანკებში საკამოდ დიდი კრედიტები აქვთ, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში სახლებს დაკარგავენ.
ობიექტის მფლობელი ნოდარ კორსანტია ამბობს, რომ ვიდეო-მასალა სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს. რაც შეეხება კომპენსაციას, კორსანტიას განცხადებით, ეს არის ფორსმაჟორული სიტუაცია, თუმცა ის ყველანაირად შეეცდება, მოვაჭრეებს დაეხმაროს.
ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ გუშინ განაცხადა, რომ საბანკო სექტორი თანახმაა ფოთის ბაზრობის ხანძრით დაზარალებულების მდგომარეობა გაითვალისწინოს და გარკვეული შეღავათები დაუწესოს.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ფოთის ბაზრობაზე გუშინ დილით გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი. სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული სახანძროები. ფოთის ბაზრობის ხანძრით დაზარალებულმა გუშინ ვენები გადაიჭრა. ის საავადმყოფოშია და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.