გაზეთ “ახალ თაობაში” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების თემაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთი წამით თუ წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილმა მოიხსნა პასუხისმგებლობა და ამომრჩეველში გაჩნდა ეს განცდა, ეს “ქართული ოცნებისთვის” ფატალურად დასრულდება.
“ამ წლების განმავლობაში მათ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი ვერ დააგროვეს. ესენი ქვეყანას რომ არ მართავენ, ისედაც კარგად ვიცით, მაგრამ არც თავად ცდილობენ ამაში ხალხის დარწმუნებას”, – აცხადებს ხუხაშვილი.
მისი თქმით, ივანიშვილი მთლიანად რომ ჩამოშორდეს ამ პროცესებს, ეს იქნება სახელმწიფოსთვის სახიფათო და მისი სრული წასვლა პოლიტიკიდან ძალიან სერიოზულ რყევებს გამოიწვევს. აქედან გამომდინარე, ხუხაშვილი თვლის, რომ ასეთი სცენარი ქვეყნისთვის სასურველი არ არის.
“ივანიშვილი ავტორიტეტია და სახელმწიფოებრივი კრიზისის თავიდან ასაცილებლად მისი დაბრუნებაა საჭირო. ის 2020 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა დარჩეს ხელისუფლებაში. დიდი იმედი არა მაქვს, რომ ივანიშვილი ამ ეტაპზე ჩემს რჩევას გაითვალისწინებს. თუმცა, ეს თხოვნა უფროა, ვიდრე რჩევა. როცა ივანიშვილს დაბრუნებას ვთხოვ, მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან ამოვდივარ და სენტიმენტებზე არ ვსაუბრობ”, – აცხადებს ხუხაშვილი.
ექსპერტის განცხადებით, ის ამ ეტაპზე პოლიტიკაში არ დაბრუნდება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ამის აუცილებლობაში თავად დარწმუნდება.
“მას ალბათ ახსოვს ერთი დაპირება, რომელიც ხალხს მისცა. როცა პრემიერობიდან მიდიოდა, თქვა, თუ დავინახე, რომ ცუდად მიდის საქმე, დავბრუნდებიო. იმედი მაქვს, ამ დანაპირებს შეასრულებს” – უთხრა „ახალ თაობას“ გია ხუხაშვილმა.