„კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო თბილისის მერის პოსტზე”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გააკეთა.
მისი თქმით, კახა კალაძე იქნება ისეთივე წარმატებული მერი, როგორიც იყო სპორტსა და ენერგეტიკაში.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც ის იყო წარმატებული სპორტში, ენერგეტიკაში და ყველა სფეროში, სადაც კი ის იყო ზოგადად, ისეთივე წარმატებული იქნება თბილისის მერის თანამდებობაზე და თბილისი იქნება საერთოდ ახალი ბრენდი და თბილისს მოუტანს ძალიან დიდ წარმატებას, იმიტომ მას ამისი პოტენციალი გააჩნია”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, დაესწრება თუ არა კახა კალაძის თბილისის მერად წარდგენას საღამოს მთაწმინდაზე ბიძინა ივანიშვილი და ჩაერთვება თუ არა საარჩევნო კამპანიაში, მდინარაძე პასუხობს, რომ თუ ყოფილი პრემიერი კამპანიაში ჩაერთვება, ეს პოზიტივის მეტს არაფერს მოუტანს გუნდს.
„ბატონი ბიძინა ბუნებრივია, მოწვეული უნდა იყოს დღევანდელ ღონისძიებაზე. ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია ის დაესწრება თუ არა დღევანდელ წარდგენას, თუმცა იმაზეც გიპასუხებთ ჩაერთვება თუ არა, ამის შესახებ უკვე იყო განცხადებები და ვიტყვი, რომ ის არ ჩაერთვება, მაგრამ თუ ჩაერთვება ეს პოზიტივის მეტს არაფერს მოუტანს ჩვენს პარტიას და მმართველ გუნდს”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე გუნდში მიდის მსჯელობა საარჩევნო შტაბის დაკომპლექტების შესახებ და ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
რაც შეეხება დავით ნარმანიას, თუ სად გააგრძელებს მუშაობას, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ საკითხზე არ უმსჯელიათ.