„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ოფისში ამ წუთებში იწყება. პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარება ხმაურიანი აქციის ფონზე მოუწევს. შეკრებილები „ქართული ოცნების“ წევრებს საკუთარ ოფისში შეძახილებითა და სტენით აცილებენ.
„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას დილიდან მართავენ. ისინი კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, თუ კალაძე მათ არ შეხვდება, აპირებენ, აქცია მთაწმინდის პარკში გამართონ, სადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენა იგეგმება.
„კალაძეს არ აქვს მორალური უფლება, ქალაქის მერი იყოს, ვინაიდან ვიცე-პრემიერობის დროს მან არ იკადრა, ამ ხალხთან არ მოვიდა“, – განაცხადა ადვოკატმა, ფრიდონ სუხიაშვილმა.
დღევანდელი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ მმართველმა ძალამ დედაქალაქის მერობის კანდიდატი ოფიციალურად უნდა დაასახელოს. იბრძოლებს თუ არა თბილისისთვის კახი კალაძე, ცნობილი დღეს გახდება.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვერ აკონკრეტებენ, კახი კალაძე არის ერთადერთი კანდიდატი, თუ შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილიც დასახელდეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, კახი კალაძეს არ ჰყავს სხვა პარტიებიდან კონკურენტი.