ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტტრის კახი კალაძის განცხადებით, სამი თვის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის ჩატარება მოსახლეობის შეწუხებაა. ამის შესახებ კალაძემ 60 დღეზე ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყების შემთხვევაში ასამოქმედებელი სანქციების კომენტირებისას განაცხადა.
“შარშან ვნახეთ, რამდენად რთული იყო 3-თვიანი საარჩევნო კამპანია. პირველი – ეს დამოკიდებულია ფინანსებზე. მეორეც – 3 თვის განმავლობაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია, მგონია, რომ ეს ამომრჩევლისა და მოსახლეობის შეწუხებაა.
ავიღოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ არის იქ საარჩევნო კამპანიის დრო განსაზღვრული, არის ქვეყნები, სადაც 40-45 დღეა, ზოგან – ერთი თვე. ავიღოთ საუკეთესო ვარიანტი და იმის მიხედვით ვიმსჯელით. შეიძლება 2 თვე იყოს ოპტიმალური ვარიანტი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს ოფიციალურად დასახელდა “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი. ხოლო კახი კალაძე ჯერჯერობით არაოფიცილაური ინფორმაციით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი იქნება. როგორც კალაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ხვალ პოლიტსაბჭოზე საბოლოოდ გადაწყდება და ოფიციალურად დასახელდება ვინ იბრძოლებს მმართველი გუნდიდან თბლისის მერობისთვის.