ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიორგი ფანცულაია: დეკანოზი მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა. ამის შესახებ მან დეკანოზთან მატროსოვის ციხეში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თანახმაა საპატრიარქოში გამართული გუშინდელი შეხვედრის ჩანაწერი გასაჯაროვდეს, თუმცა როგორც ის ამბობს, ეს სრული ჩანაწერი უნდა იყოს და არა ფრაგმენტული.

ადვოკატები ბრალდებულ დეკანოზს გუშინ საპატრიარქოში მისი ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ესაუბრნენ. საპატიმროში ადვოკატებისა და დეკანოზის შეხვედრაზე ასევე ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები პატრიარქს შეხვედნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ძმამ, თორნიკე მამალაძემ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ სასულიერო პირები მას პატრიარქთან საუბარს აწყვეტინებდნენ. ამის საპასუხოდ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მამალაძის აღნიშნული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ვინაიდან შეხვედრა იწერებოდა, შესაძლებელია აღნიშნული მასალის გასაჯაროება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები დახურულ კარს მიღმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა ხვალ, 23 ივნისს, 12 საათზეა ჩანიშნული. პროცესებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ესწრება.

იტვირთბა....