პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალიწინა პარლამენტის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხდა. მისი თქმით, უარს პოლიტიკური შინაარსი აქვს, რადგან არსებული კონსტიტუციით, პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწევა მაინც შეუძლია.
პრეზიდენტის განცხადებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ვენეციის კომისიის დასკვნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აუცილებლად გაითვალისწინოს.
საკონსტიტუციო ცვლილებებში ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადადიოდა, თუმცა საბოლოოდ, შერეული საარჩევნო სისტემა რჩება 2024 წლამდე.
“შერეული სისტემის პრაქტიკა (აქამდე არსებული) გადაჭარბებულ უფლებას აძლევს მმართველ გუნდს”, -ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
პრეზიდენტის უარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ TV “პირველის” ეთერში შეაფასა. მისი თქმით, როცა საბოტაჟზე გადადის პრეზიდენტი, პარლამენტს უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო რესურსი. გია ვოლსკის განცხადებით, უნდა დაისვას კითხვა, ხომ არ არის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი.
“პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის პოლემიკას შარმი აქვს, მაშინ, როცა ეს კონსტრუქციულია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი ზღვარს გადავიდა”-განაცხადა ვოლსკიმ.
გადავიდა ზღვარს პრეზიდენტი?-ამ კითხვაზე „მეტრონომს“ პოლიტოლოგმა ზვიად დევდარიანმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უარი რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე საფუძვლიანი იყო:
„ზღვარს მმართველი გუნდი გადავიდა, რომელიც რეგიონ-რეგიონ დადიოდა და საზოგადოებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარ გადაწყვეტილებას აცნობდა. რამდენიმე წლის წინ დაანონსდა ის ფაქტი, რომ ჩვენი საარჩევნო სისტემა შემდეგი არჩევნებისთვის სრულად პროპორციული გახდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალეს. პოლიტიკური გუნდის ნაწილი კვლავ მაჟორიტარული სისტემის დატოვებას ემხრობოდა და როგორ ჩანს, ამ ნაწილმა მმართველ გუნდში იმძლავრა. ვხედავთ, რომ ბარიერის სამ პროცენტამდე დაწევა, იმ პირობებში, რომ კვლავ შერეული საარჩევნო სისტემა იქნება, არანაირ შინაარსობრივ ცვლილებას არ გამოიწვევს პარლამენტში. რაც ყველაზე ცუდია და პრეზიდენტიც აქცენტს ამაზე აკეთებდა, ამ ცვლილებების განხილვა დაჩქარებული წესით ხდება და იმ რეკომენდაციებს და შეიშვნებს, რაც ვენეციის კომისიამ მოგვცა, სერიოზულად არავინ ითვალისწინებს. რეალურად, არ ვიღებთ ისეთ ცვლილებებს, რომელიც ეროვნულ თანხმობაზე იქნება დაფუძნებული. შესაბამისად, მესმის პრეზიდენტის ეს გადაწყევტილება და ვფიქრობ, რომ მას აქვს საფუძველი. „-განუცხადა „მეტრონომს“ დევდარიანმა.
პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი არც პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძეს გაჰკვირვებია. როგორც მან „მეტრონომთან“ ისაუბრა, ეს საკმაოდ გახანგრძლივებული დაპირისპირების გამოძახილია, რომელიც, სამწუხაროდ, პოლიტიკურ სტაბილურობას ხელს არ უწყობს:
„ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ გახანგრძლივებული დაპირისპირების გამოძახილია, რაც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის. ეს უარი მოსალოდნელიც იყო, რადგან, როგორც იცით, პრინციპული უთანხმოება არსებობს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რიგგარეშე კომისიის მოწვევაზე უარი, სადაც ეს ცვლილებები უნდა განხილულიყო, პრეზიდენტის მხრიდან ერთგვარი პილიტიკური დემარშია.
„მეტრონომი“: უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, საინტერესოა, პრეზიდენტის ამგვარი დაპირისპირება გუნდთან ქვეყნისთვის საფრთხეს ხომ არ წარმოადგენს.
-საფრთხის კვალიფიკაციას ამას ვერ მივცემდი. უბრალოდ, ეს მეტყველებს ჩვენი პოლიტიკური სისტემის გაუმართაობასა და არამდგრადობაზე, როცა სახელისუფლებო შტოებს შორის ასეთი დაპირისპირებაა, რომელიც პოლიტიკურ სტაბილურობას ხელს არ უწყობს. მეორეს მხრივ, ისეთი მყიფე დემოკრატიის პირობებში ასეთი შეუთანხმებლობა სხვადასხვა სახელისუფლებო შტოებს შორის, მაინცდამაინც, ქვეყნის მშენებლობის საკითხებს არ წაადგება.”-განაცხადა ანჯაფარიძემ.
პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიგინგზე განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით იცვლება შემოთავაზებული პროექტი კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ:
”გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო პროცესისათვის და რეფორმისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. რეალურად, ეს ცვლილება თვისებრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განხილულ იქნა ქართული საზოგადოების მიერ და რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში ის, რაც დარჩა სახელიდან „ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა“ და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს. ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია, იმ სულისკვეთებაზე, რომელზეც მოგახსენებდით, რომ მიმართულია რეალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით ამ ვერსიამდე.
არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნას წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს ასევე შესთავაზა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინოს:
”ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს კონსტიტუციის უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება კონსენსუსზე და რომელიც დაფუძნებული იქნება ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად დაჩქარებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას, სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ხვალ, 21 ივნისს გახდება ცნობილი.
მანა ნოდია