საქალაქო სასამართლოსთან “ცენტრ პოინტის” დაზარალებულების აქცია გაიმართა. დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის და ქეთევან ჟორდანიას ბრალდების საქმის გადადებას აპროტესტებენ. საუბარია შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის” საქმეზე.
დაზარალებულების განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესებს აჭიანურებს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
„ჩვენ ვართ დაზარალებულები და დროულად გვინდა მორჩეს და გაირკვეს ჩვენი საქმე, თუმცა ხშირად ჩვენი საქმის მოსამართლე, მაია შოშიაშვილი პროცესებს გაურკვეველი მიზეზებით გადადებს ხოლმე და ეს აჩენს ეჭვს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა პროცესები გაიწელოს. ერთ-ერთი ადვოკატი ორსულად არის და ხშირად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც ხდება პროცესების გადადება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და პროცესები წარიმართოს ნორმალურ რეჟიმში“,- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
დღესვე 11 საათზე დაიწყო მაგნოლიას ეპიზოდის განხილვა, სადაც დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან. მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.
გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს. 63 წლის ვახტანგ რჩეულიშვილი 13 აპრილს გარდაიცვალა.