საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მარიამ ჯაში “აუდიტორია 115”-ის წევრებს პასუხობს და ამბობს, რომ მათ მიერ ნახსენები განცხადება სტუდენტების დასჯის შესახებ, მას არ გაუკეთებია. მისი თქმით, როგორც ავტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ კანონის ცვლილება შეჩერდეს და გადავადდეს საშემოდგომო სესიამდე. ჯაშის განცხადებით, მას სიტყვა დასჯა არ უხსენებია. დეპუტატი ამბობს, რომ მას სამუშაო შეხვედრა სტუდენტებთან ჰქონდა და არა აუდიტორია 115-ის წევრებთან.
“გიდასტურებთ, რომ როგორც ავტორმა მივიღე გადაწყვეტილება სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ კანონის ცვლილება შეჩერდეს და გადავადდეს საშემოდგომო სესიამდე. მე სტუდენტებთან სიტყვა დასჯა არ მიხსენებია, რადგან ეს სიტყვა ჩემს ლექსიკონში არ შედის. შესაბამისად, განცხადებები არის უპასუხისმგებლო”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, მას სამუშაო შეხვედრა ჰქონდა სტუდენტებთან და არა აუდიტორიასთან.
„აუდიტორია 115“ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს შანტაჟსა და ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს. ამის თაობაზე „აუდიტორიის“ წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„აუდიტორია 115“-ის წევრების განცხადებით, გუშინ პარლამენტში „ებერტის ფონდთან“ შეხვედრაზე, სადაც სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ კანონპროექტი უნდა განხილულიყო, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ „აუდიტორია 115“ დაისჯება ფილარმონიაში კონსტიტუციის განხილვის ჩაშლისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესების გაპროტესტებისთვის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდაჭერისთვის.
„აუდიტორია 115“-ის წევრების განცხადებით, გუშინდელ შეხვედრას არასამთავრობო სექტორი და პროფკავშირები ესწრებოდნენ.