რეპერმა “მასტერმა”, რომლიც ჯგუფი “ბირჟა მაფიის” წევრების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საგამოძიებო უწყებაში „ბირჟა მაფიის“ წევრ გიორგი ქებურიასთან მიმოწერა წარადგინა.
“მიმოწერა ვაჩვენე. ვიცოდი, რომ ეს დააინტერესებდათ და ამოვბეჭდე სპეციალურად. რაც შეეხება ჩემი სოციალური ქსელის ნახვას, ამაზე გამომძიებლებმა მითხრეს, რომ განჩინებაა საჭირო და შეიძლება კვლავ დამიბარონ. მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან.
ეს არის კლიპის გამო გაკეთებული. სუფთები არიან, ბიჭებს ნარკოტიკი არ ჰქონიათ არასდროს. ნარკოტიკებს არ ეკარებიან“, – განაცხადა რეპერმა.
შეგახსენებთ, რომ Birja Mafia-ს წევრები გიორგი ქებურია და მიშა მგალობლიშვილი სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ 12 ივნისს გაათავისუფლა. მიშა მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა. ამასთან, ბრალდებულს ჩამოერთმევა საზღვარგარეთის პასპორტი. გიორგი ქებურია კი სასამართლომ 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ჯგუფ Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.
რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბერა ივანიშვილმა.